აქცია ცესკოსთან

"პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ" – გამყრელიძე კითხვაზე, არის თუ არა წყლის ჭავლი საფრთხე

ქართული ოცნება

კითხვაზე, არის თუ არა საფრთხის შემცველი მოქალაქეების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენება ნოემბრის ასეთ ცივ ამინდში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ "პოლიტიკურ კომენტარებს" არ აკეთებს.

"ამ ტიპის კითხვებზე მე პასუხს არ ვიძლევი, ქალბატონო. მე მკითხეთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია როგორია". – უთხრა გამყრელიძემ მთავარ არხს.

კითხვაზე, წყლის ჭავლის გამოყენება არ შეუქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს? - ამირან გამყრელიძე რამდენჯერმე იმეორებს, რომ ეს პოლიტიკური კითხვაა.

"არა, ქალბატონო, რასაც თქვენ მეკითხებით, ეს სხვა ტიპის პოლიტიკური კითხვაა, მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ... მე პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ, ქალბატონო, გესმით თქვენ თუ არა, ეს?" - მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჟურნალისტს.

სპეცრაზმმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინ აქტივისტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად რამდენჯერმე გამოიყენა. აქტივისტების წინააღმდეგ ჭავლის გამოყენებამდე ისინი არცერთხელ არ გაუფრთხილებიათ და არც დაშლისკენ მოუწოდებიათ. ასევე, თვითმხილველთა ინფორმაციით, გაუშვეს აირიც, რასაც უწყება უარყოფს. შსს-ს განცხადების მიხედვით, "აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს იყენებდნენ, გამოვიყენეთ პროპორციული ძალა".

პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, შენობაში ვერავინ შევა და გავა, მანამ, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება.

ოპოზიციამ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცა. მათი მთავარი მოთხოვნა თამარ ჟვანიას გადაყენება, ახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო. მას შემდეგ, რაც დრო ამოიწურა, ოპოზიციამ ცესკოსთან გადანაცვლება გადაწყვიტა.

კომენტარები