არჩევნები 2020

ომბუდსმენი უწყებებს მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება ფარული ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე

სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ომბუდსმენი გმობს პირადი ცხოვრების და კომუნიკაციის ამსახველი ნებისმიერი ჩანაწერის უკანონო მოპოვებას და გამოქვეყნებას.

"წლებია, საქართველოში არ სრულდება ამ თემით მანიპულირება და პოლიტიკურ დღის წესრიგში მისი გამოყენება. მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პირადი ცხოვრების დაცულობის ხარისხზე ქვეყანაში და მოქალაქეებში აღრმავებს განცდას, რომ მათი პირადი ცხოვრება და კომუნიკაცია არ არის დაცული კონსტიტუციური გარანტიების შესაბამისად". – ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს პარლამენტის წევრის მიმართ, რომელიც თავისი კონსტიტუციური მანდატის შესასრულებლად დაცულობის უფრო მაღალი გარანტიებით სარგებლობს. ომბუდსმენი ასევე გამოყოფს იმ ფაქტსაც, რომ ბოლო წლებში უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემთხვევებს, ძირითადად, ქალი პარლამენტის წევრების თუ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ჰქონდა ადგილი, რაც ამძიმებს ქვეყანაში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის თვალსაზრისით არსებულ უთანასწორო მდგომარეობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, მათი კომპეტენციის შესაბამისად, დაიწყონ გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე. მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, შეამოწმოს, მიმდინარეობდა თუ არა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩანაწერის მონაწილე პირების მიმართ.

სამთავრობო ტელეკომპანია იმედმა, სავარაუდოდ, ოპოზიციური ლიდერების ჩანაწერები გაავრცელა. ტელეკომპანია უკრაინული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ აუდიომასალას ეყრდნობა და მასში, იმედის ცნობით, სალომე სამადაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჩანაწერებია მოცემული.

ჩანაწერები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ დაწყებული ოპოზიცური პარტიებისა და ამომრჩევლების პროტესტის ფონზე გამოქვეყნდა. ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად – გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე.

კომენტარები