არჩევნები 2020

წულუკიანი: უპრეცედენტო ოდენობის უბნები გადაითვალა, შედეგი ერთი ერთზე იგივე დაჯდა

ქართული ოცნების სიის მეოთხე ნომრის, იუსტიციის ყოფილი მინისტრის თეა წულუკიანის მტკიცებით, უბნების ხელახალმა გადათვლამ იგივე შედეგი აჩვენა. ამის შესახებ მან TV იმედის ეთერში თქვა.

"არც ხმების გადათვლა არ იძლევა არანაირ საშუალებას.. მათ რომ იძახონ, რომ გაყალბებულია, ეს არის ცარიელი სიტყვები. უპრეცედენტო ოდენობის უბნები გადაითვალა, რაც არის ძალიან კომპლექსური პროცესი და ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ერთზე დაჯდა ის, რაც იყო თავიდან ნაანგარიშები". - ამბობს წულუკიანი.

აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების უმეტესობამ არ დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევნების და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მოთხოვნა შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და ბიულეტენების ხელახლა დათვლის შესახებ. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიამ მხოლოდ ერთი უბნის შედეგები გადათვალა, რის საფუძველზეც შედეგი უცვლელი დარჩა. გადათვლის შედეგად ასევე უცვლელი დარჩა ბოლნისის, ხაშურის, ხულოსა და ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიებში გადათვლილი თითო-თითო საარჩევნო უბნის შედეგები.

გარდა ამისა, გადათვლების შედეგად 3 გადასატანი საარჩევნო ყუთის მონაცემები გაბათილდა, ხოლო 9 შემთხვევაში შედეგი გასწორდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ქსნის ციხეში კენჭისყრის შედეგების მაჟორიტარული ნაწილი გაუქმდა და, შესაბამისად, წინასწარი მონაცემებით, მცხეთის საარჩევნო ოლქში, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს.

რამდენიმე უბანზე გადათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. საჩივრების განხილვის პროცესი საოლქო კომისიებმა სამ ნოემბერს დაიწყეს და დღეს სრულდება.

საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში განიხილავს.

-------------

2 ნოემბერს ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც გადალახა საარჩევნო ზღვარი, უარი თქვა პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობის მიღებაზე.

მანდატებზე უარი თქვა ევროპულმა საქართველომ, ლელომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, გირჩმა, ენმ-ძალა ერთობაშიამ, სტრატეგია აღმაშენებელმა, მოქალაქეებმა და პროპუტინურმა პატრიოტთა ალიანსმა.

საპროტესტო ტალღა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ხმების 100%-ვე დათვლილია და მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ქართული ოცნება – 48.15%
  • ენმ-ძალა ერთობაშია – 27.14
  • ევროპული საქართველო – 3.78%
  • ლელო – 3.15%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.15%
  • პატრიოტთა ალიანსი – 3.14%
  • გირჩი – 2.86%
  • მოქალაქეები – 1.33%
  • ლეიბორისტული პარტია – 1%

30-დან 16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების პროცესში მოსყიდვაზე, დაშინებასა და ძალადობრივ ინციდენტებზე საუბრობენ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მიიჩნევენ, რომ არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო და მეტნაკლებად დაცული იყო ძირითადი თავისუფლებები.

ადგილობრივი დამკვირვებლები კი არაერთ ხარვეზსა და დარღვევაზე მიუთითებენ. გამოქვეყნდა ISFED-ის (სამართლიანი არჩევნები) ხმების პარალელური დათვლის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც, ქართულმა ოცნებამ ხმების 45.8% მიიღო, ენმ-ძალა ერთობაშიამ – 26.4%, ევროპულმა საქართველომ – 3.7%. ცდომილების ხარისხი 0.7%-ია.

ამასთან, სამართლიანი არჩევნების შემაჯამებელი ანგარიშის მიხედვით დაფიქსირდა საარჩევნო უბნების 8%-ზე შემაჯამებელი ოქმების დისბალანსის შემთხვევები, რაც გულისხმობს ბიულეტენების ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე მეტობას.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები" – წერს ორგანიზაცია.

არჩევნების შედეგებს განახლებად რეჟიმში თვალი ადევნეთ აქ.

ყველა სიახლე იხილეთ ტაბულას პორტალზე – არჩევნები 2020.

კომენტარები