არჩევნები 2020

გახარია: ვაფასებთ საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარ მიგნებებს და დასკვნებს

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საერთაშორისო დამკვირვებლებს მადლობას უხდის. ამის შესახებ პრემიერი Twitter-ზე წერს. 

"ვაფასებთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ მიგნებებსა და დასკვნებს. როგორც ისინი აცხადებენ, არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა, სადაც დაცული იყო ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.  ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას". - წერს გახარია. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის ხელმძღვანელის, ელონა ჯებრეა ხოჯას თანახმად, პანდემიამ ბევრი გამოწვევა შექმნა არჩევნების ჩატარებისთვის, თუმცა მთლიანობაში არჩევნები იყო კონკურენტული და ფუნდამენტური თავისუფლებები იყო დაცული.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ლიდერმა აღნიშნა, რომ მიუხედავად არჩევნების ადმინისტრირების საკითხებში მიღწეული წარმატებისა, არსებობს ხარვეზები და მომავალში უნდა იყოს გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები.

ამ წუთებში ოპოზიციის წევრები პარლამენტთან აქციას მართავენ. 

პარლამენტთან აქცია გვიან ღამით მას შემდეგ დაანონსდა, რაც ცესკომ პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ოპოზიციური პარტიების ლიდერები გვიან ღამით ცესკოსთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ ხმების დასაცავად აქციას გამართავენ.

კომენტარები