არჩევნები 2020

გოგორიშვილი: ყველა ოქმში ამომრჩევლების რაოდენობა ნაკლებია პარტიების მიღებული ხმებზე

ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება. გოგორიშვილის თქმით, ყველა ოქმში მოსული ამომრჩევლების რაოდენობა არის უფრო ნაკლები, ვიდრე პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.

"რა თქმა უნდა, ეს ხმები რომ ქართულ ოცნებას ემატება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. 

ამ წუთებში საუბნო კომისიის მდივნები თვითონ სხედან და წერენ - ნაცვლად იმისა, რომ ჩაეწერათ არჩევნებში მოვიდა, ვთქვათ, 720 ადამიანი, მათ შეეშალათ გადაღლილობით და ჩაწერეს 650 და გთხოვთ, შეასწოროთ. შემდეგ ყველა ოქმს გაუკეთდება შესწორების ოქმი და ხვალ დილას იტყვიან, რომ ოქმები იქნება გასწორებული და დაბალანსებული.

ამით არიან დაკავებულები და ეს არის მათი საქმე.

ეიმედებათ ის, რომ ყველა დონის კომისია მათია, იმიტომ, რომ საუბნო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება საოლქო კომისიაში, იქაც - მათი უმრავლესობაა. საოლქო კომისიის გადაწყვეტილება საჩივრდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და იქაც - მათი უმრავლესობაა.

მათი განმარტებების შემდეგ შემიძლია, ვთქვა, რომ ეს კომისია კი არა "კანტორაა". – ამბობს ხათუნა გოგორიშვილი ფორმულას ეთერში.

სამგორში ენმ-ძალა ერთობაშიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან ხმების დათვლის დროს მანიპულაციებს აქვს ადგილი. მისივე თქმით, აღნიშნულზე რეაგირება ექნება ოპოზიციასაც და ქართველ ხალხსაც. 

საარჩევნო ოქმებთან დაკავშირებულ საკითხს ასევე ეხმაურება ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაც. ხოშტარიას თქმით, ცესკოს გამოყენებით ოცნება ცდილობს, განცდა გააჩინოს, რომ არჩევნებს იგებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა განმარტება გააკეთა პანდემიის რისკჯგუფის ამომრჩევლებისთვის შექმნილ უბნებთან და იმ ოქმებთან დაკავშირებით, სადაც ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობა კანდიდატებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამს აღემატებოდა. განცხადება სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კომენტარები