თბილისის მერის თქმით, კონდუქტორების მეშვეობით, ავტობუსებში კონტროლდება პირბადეების ტარება. კახა კალაძის ცნობით, ავტობუსი არ დაიძვრება, თუ მგზავრებს პირბადეები არ ექნებათ.
"შეიძლება რაღაც დისკომფორტს წარმოადგენდეს, მაგრამ მთავარია ადამიანების ჯანმრთელობა". – ამბობს კალაძე.
ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მეტროს სადგურებთან პატრულ-ინსპექტორები პირბადეების გაკეთებასა და COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედი წესების დაცვას გააკონტროლებენ.
დღევანდელი მთავრობის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, თბილისსა და იმერეთში, 22:00 საათიდან რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების მუშაობა შეიზღუდება.
საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო მონაცემებით, დღეს, 15 ოქტომბერს, 5 პაციენტი გარდაიცვალა, 208 კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსი სულ 14 440 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 7 159 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. ასევე, აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი [აღდგება 19 ოქტომბერს].