კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსი - სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ სამ დღეში უკვე 10 ბაღი დაიხურა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დაწყების შემდეგ კორონავირუსი ათ საბავშვო ბაღში გამოვლინდა. სულ კორონავირუსი 14 საბავშვო ბაღშია დადასტურებული. Covid 19 დაუდგინდა 12 თანამშრომელს და 2 ბავშვს.

"ჩვეულებრივ ვაგრძელებთ მუშაობას. უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის დაცული ყველა ბაღში, ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მიღებულ ყველა რეკომენდაციას ვასრულებთ. დასწრება ნაკლებია, თუმცა ბავშვები ჩვეულებრივ დაჰყავთ მშობლებს ბაღებში. ორშაბათს არ გავხსენით 4 ბაღი, მას შემდეგ კი 10 ბაღი დავხურეთ“, - თქვა გვანცელაძემ და აღნიშნა, რომ, თუ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევა მაინც ვლინდება, ბაღი იხურება.

"როდესაც თანამშრომელს ან აღსაზრდელს უფიქსირდება კოვიდინფექცია, ვუკავშირდებით 112-ს და ბაღი იხურება. თუ ბაღში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდება, ბაღი იხურება. ეს არის ჩვენი გაიდლაინი და ამას განვიხილავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად“, - თქვა გვანცელაძემ ინტერპრესნიუსის ცნობით და ის ბაგა-ბაღები ჩამოთვალა, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია.

კორონავირუსის გამო დახურულია: 36-ე ბაღი, 99-ე ბაღი, 89-ე ბაღი, 53-ე ბაღი , მე-4 ბაღი, 29-ე ბაღი, 153-ე ბაღი, 35-ე ბაღი, მე-16 ბაღი, 21-ე ბაღი, 72-ე ბაღი, 93-ე ბაღი, 190-ე ბაღი და ბაგა-ბაღი ხუთკუნჭულა.

საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 12 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები