კრიმინალი

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 2 პირი: 1965 წელს დაბადებული მ.კ. და 1992 წელს დაბადებული ი.ზ. დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებული დედა-შვილი მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდა, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლები.

"დაკავებულები 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში, ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები - 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე. გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული - 500-500 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა, კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მ. კ. და ი. ზ. თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს". – აცხადებს შსს

ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები