სომხეთი - აზერბაიჯანი

RIA: სომხეთი და აზერბაიჯანი მოსკოვში მოლაპარაკებებს გამართავენ

მარია ზახაროვა
RIA

აზერბაიჯანი და სომხეთი მოსკოვში მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღებას დათანხმდნენ. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით РИА Новости ავრცელებს.

"ბაქომ და ერევანმა დაადასტურეს თავისი მონაწილეობა მოსკოვში მოლაპარაკებებში. მიმდინარეობს აქტიური მზადება" - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.

ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერმინისტრს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს. ასევე, პუტინმა სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები 9 ოქტომბერს მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის მიიწვია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოთხშაბათს თქვა, რომ სომხეთთან მოლაპარაკებებს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის მწვავე  ფაზა დასრულდება. ილჰამ ალიევმა რუსულ სამთავრობო ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ თურქეთს აქვს უფლება, შუამავალი იყოს მოლაპარაკებებში .

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Time-თან საუბრისას თქვა, რომ სომხეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება მოლაპარაკებებს, თუ თურქეთი არ ჩაერევა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე შესათანხმებლად ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

4 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღების შესახებ განაცხადა. ამავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თანაშემწემ, ჰიქმეთ ჰაჯიევმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა აზერბაიჯანის ქალაქ მინგეჩაურზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რასაც სომხეთი უარყოფს.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გრძელდება თავდასხმა მთიანი ყარაბაღის ქალაქ სტეფანაკერტზე (ხანქენდი).

მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის, ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ვაგრამ პოღოსიანმა კი განაცხადა, რომ გაანადგურეს აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი.

კომენტარები