არჩევნები 2020

გახარია: კარანტინში, იზოლაციაში მყოფთათვის არჩევნების ჩატარება რაოდენობაზეა დამოკიდებული

მთავრობის ადმინისტრაცია

"დამოკიდებულია პირდაპირ იმაზე, თუ რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც". – ასე პასუხობს კითხვას, შეძლებენ თუ არა თვითიზოლაციასა და კარანტინის რეჟიმში მყოფი პირები არჩევნებში მონაწილეობას. გახარიას თქმით, მთავრობა ამ საკითხზე ცესკოს-თან ერთად მუშაობს.

"თვითიზოლაციაში დღეს არაა ბევრი რაოდენობა ადამიანების, თუმცა არიან. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. რაც შეეხება საავადმყოფოში მკურნალობის ქვეშ მყოფ ადამიანებს, აქ არაფერი იცვლება, შარშან და შარშან წინ, არჩევნების დროს საავადმყოფოში ყოველთვის იყო ვიღაც. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასული, რომ ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა სტაციონარებზე ჯერ არ გვყავს [...] თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით.". – ამბობს გახარია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებულ საკარანტინო სივრცეებში 5 824 პირი იმყოფება. სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო კოვიდ სასტუმროებში 1 310 ადამიანი რჩება.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 259 აჭარაში გამოვლინდა, 111 კი თბილისში. 7 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 5 235 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 62 კი გარდაიცვალა. 

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

კომენტარები