დონალდ ტრამპის თქმით, უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალს იგი დღეს დატოვებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა.
"უოლტერ რიდის საოცარ საავადმყოფოს დღეს 6:30-ზე დავტოვებ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, არ შეგეშინდეთ კოვიდის. არ მისცეთ მას უფლება მოიპოვოს დომინაცია თქვენს ცხოვრებაზე. ჩემი ადმინისტრაციის პირობებში ჩვენ შევქმენით რამდენიმე ძალიან კარგი მედიკამენტი და დავაგროვეთ ცოდნა. თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე 20 წლის წინ". – წერს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპის მრჩეველის, ჰოუპ ჰიქსის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Bloomberg-მა გაავრცელა, მოგვიანებით მისი მრჩეველის ინფიცირების შესახებ დაწერა დონალდ ტრამპმაც და განაცხადა, რომ თვითიზოლაციის რეჟიმში გადადის.
მოგვიანებით, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის მელანიას ტესტებმა ახალი კორონავირუსი დაადასტურეს. ამის შემდეგ დონალდ ტრამპს ფარმაცევტული კომპანიის Regeneron-ის მიერ დამზადებული ანტისხეულების კოქტეილი შეუყვანეს. შემდგომ კი დონალდ ტრამპი უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ცნობილი იყო, რომ დონალდ ტრამპი ჰოსპიტალში რამდენიმე დღით გაჩერებასა და ადგილიდან მუშაობას გეგმავდა. ამის შემდეგ თეთრი სახლის აპარატის უფროსი, მარკ მედოუზი იტყობინებოდა, რომ დიაგნოზის გამოვლენის შემდეგ მალევე მას აუვარდა სხეულის ტემპერატურა და დაუვარდა ჟანგბადის დონე სისხლში.
უოლტერ რიდის ჰოსპიტალში მკურნალობის დროს დონალდ ტრამპმა რამდენიმეჯერ დატოვა დაწესებულება, რათა მისალმებოდა ადგილზე შეკრებილ მის მხარდამჭერებს. დონალდ ტრამპი ავტომობილიდან არ გადმოსულა.
პრეზიდენტის გარდა, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ მის პირად თანაშემწეს, ნიკ ლუნსა და მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ უილიამ სტეპინს.





