ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთი ბათუმში მკურნალობდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილია 90 წლის კაცი, რომელსაც კორონავირუსთან ერთად სხვა თანმხლები დაავადებები ჰქონდა. პაციენტი კლინიკაში 22 სექტემბერს მოათავსეს.
"დიაგნოზით COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: პარკინსონის დაავადება". – აცხადებენ სამინისტროში და აღნიშნავენ, რომ კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
4 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი. სულ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 8118 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 4244 გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებშიც. ასევე აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა. დამატებით ბათუმში აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.





