ადამიანის ევოლუცია

სიცოცხლის წარმოშობა და რელიგიის მომავალი - ინტერვიუ დენიელ დენეტთან

ტაფტსის უნივერსიტეტის პროფესორი, დარვინისტი ფილოსოფოსი დენიელ დენეტი თანამედროვე ფილოსოფიის და კოგნიტური მეცნიერების გიგანტია. შესაძლოა, თქვენთვის ის უკვე ცნობილი იყოს, როგორც რელიგიის კრიტიკოსი და ახალი ათეიზმის მოძრაობის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა,"ათეიზმის ოთხი მხედრიდან" ერთ-ერთი, რიჩარდ დოკინსთან, სემ ჰარისთან და ქრისტოფერ ჰიჩენსთან ერთად. დენეტის ნაშრომები გამოირჩევა ინტერდისციპლინური მიდგომით. მოიცავს, როგორც ნეირობიოლოგიას და ევოლუციის თეორიას, ასევე ინჟინერიას და კომპიუტერულ მეცნიერებებს. 60-იან წლებში, როდესაც დენეტი ამ საკითხებით დაინტერესდა, ეს ფილოსოფოსისთვის საკმაოდ უჩვეულო წამოწყება იყო, რადგან ფილოსოფოსები მაშინ არ ეცნობოდნენ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების ნაშრომებს, ხელოვნური ინტელექტის სფერო მხოლოდ ჩანასახოვანი ფორმით არსებობდა, ხოლო ტერმინი კოგნიტური მეცნიერება და ნეირომეცნიერება ჯერ არც კი იყო შემოღებული. ამის მიუხედავად, მას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი შეეძინა მრავალმხრივი ცოდნა და განსხვავებული ინტერესების მკვლევრებთან ინტენსიური თანამშრომლობა დაიწყო. შედეგად, ფილოსოფიურ განათლებასთან ერთად დიდი ცოდნა შეიძინა საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ მეცნიერებებში, რასაც მისი პუბლიკაციების თემატური მრავალფეროვნება მოწმობს. 

თავის ბოლო წიგნს, "ბაქტერიებიდან ბახამდე და უკან", ის აღწერს, როგორც შემაჯამებელი ნაშრომს, რომელშიც თავი მოუყარა ამ წლებში დაგროვილ ცოდნას და განავითარა, მისი თქმით ამ ეტაპზე საუკეთესო მეცნიერული თეორია იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშვა ადამიანის გონება ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუციის პროცესში. ქართველი მკითხველისთვის ამ მონოგრაფიის წარდგენის მიზნით, მე მას რამდენიმე კითხვით მივმართე. ვაცნობიერებ რისკს, განვისაჯო კითხვებისა და პასუხების სირთულის გამო, მაგრამ არსებობს თემები, რომელთა ენის უკიდურესი გამარტივება არც მკითხველს არგებს და არც შინაარსს. წერისას ვცადე გამეთვალისწინებინა ცნობილი აფორიზმი, რომელსაც აინშტაინს მიაწერენ - ყველაფერი უნდა იყოს იმდენად მარტივი, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ არა უფრო მეტად.

 


დენიელ, მინდა დავიწყო იმის განხილვით, თუ როგორ წარმოიშვა პირველი ინფორმაციის მატარებელი მოლეკულები არაცოცხალი ქიმიისგან. შეგიძლია, უამბო ჩვენ მკითხველს, რა იყო ის მეთიუ პოვნერის და მისი კოლეგების აღმოჩენაში, რამაც თქვენი ყურადღება მიიქცია? 

პირველ რიგში, ნება მომეცი, ვთქვა, რომ მე არ ვარ მოლეკულური ბიოლოგიის ამ დეტალების ექსპერტი, მაგრამ გარკვეული ლიტერატურის წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეს მიგნება სინამდვილეში არის იმის კარგი და პრაქტიკული მაგალითი, რასაც მე უკუ-ინჟინერიის გამბიტს ვუწოდებ.  

გასული 40 წლის განმავლობაში ითვლებოდა, რომ რნმ-ის ნუკლეოტიდების სინთეზი უნდა მომხდარიყო მისი სამი  მოლეკულური კომპონენტის შეერთებით, აზოტოვანი ფუძე (რომელიც შეიძლება იყოს ადენინი, გუანინი, ციტოზინი ან ურაცილი), შაქარი რიბოზა და ფოსფატი. ამ სფეროში ერთ-ერთი სირთულეს წარმოადგენდა იმ გზის პოვნა, თუ როგორ შეგვეერთებინა აზოტოვანი ფუძეები რიბოზასთან; პოვნერმა იპოვა გზა, რომელშიც ეს ორი კომპონენტი წარმოიშვა საერთო პრეკურსორისგან. ამ გზაში, რნმ-ის სრული სტრუქტურა ყალიბდება შაქრისა და აზოტოვანი ფუძის თავისუფალი მოლეკულების შეერთების გარეშე.  

ზოგადად, ჩვენ ვაკეთებთ დაშვებას, რომ ადრეულ ევოლუციაში - - ან თუნდაც პროტო-ევოლუციაში, ვიდრე ჩამოყალიბდებოდა გამრავლების უნარი -- კომპლექსური სისტემები აიგებოდა უფრო მარტივი რაღაცებისგან. მაგრამ, შესაძლოა, ზოგჯერ ადგილი ჰქონდეს შემოვლით პროცესს: უფრო კომპლექსური რაღაც, რომელიც რაღც სხვა პროცესებისგან წარმოიშვა, დეგრადირდება ან გამარტივდება ნაკლებად კომპლექსურ რაღაცად, რომელსაც პირდაპირ ვერ ააგებდი. მე ამაზე მახსენდება ხუმრობა, თუ როგორ დააგროვა დონალდ ტრამპმა მცირე ოდენობით დოვლათი. მან დიდი დოვლათით დაიწყო!  

შეგიძლია აღგვიწერო დიფერენციალური მდგრადობის პროტო-დარვინიანული ალგორითმის თვალსაჩინო მაგალითი? “ბაქტერიებიდან ბახამდე”-ს გამოქვეყნების შემდეგ, ხომ არ  შეგხვედრიათ იმის დამაიმედებელი ახსნა, თუ როგორ წარმოქმნა ამ ალგორითმებმა ცოცხალი მოლეკულების ავტო-კატალიზური რეაქციები, რაც საბოლოოდ დიფერენციალურ გამრავლებად გარდაიქმნა?  

როგორც წიგნში ვწერ, პრებიოტური, ან აბიოტური სამყარო არ იყო ქაოსი ან მოძრავი ატომების შემთხვევითი გროვა. კერძოდ, არსებობდა ციკლები მრავალ სივრცე-დროულ მასშტაბზე: სეზონები, დღე და ღამე, ტალღები, წყლის ციკლი და ათასობით ქიმიური ციკლი ატომურ და მოლეკულურ დონეებზე. იფიქრე ამ ციკლებზე, როგორც მარყუჟოვან ალგორითმზე, ქმედებაზე რომელიც საწყის წერტილს უბრუნდება რაღაცის “მიღწევის” შემდეგ - რაღაცის დაგროვების, ან გადაადგილების, - და შემდეგ კვლავ მეორდება (და მეორდება და მეორდება), რითიც ეტაპობრივად ცვლის გარემოს მდგომარეობას და ზრდის იმის ალბათობას, რომ რაღაც ახალი მოხდება. ამის განმაცვიფრებელი მაგალითია ჟურნალ Science-ის 2003 წლის ნომრის ყდა. ეს ქვები ადამიანის მიერ შექმნილს ჰგავს, ენდი გოლდსვორსის ქანდაკებასაც შეიძლება მიამსგავსო, სინამდვილეში ეს წრეები არქტიკის ზედაპირის ასეულობით ათასი გაყინვისა და ლღობის ალგორითმული, არაცნობიერი პროცესის ბუნებრივი შედეგია. 

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, იყო მრავალი მაცდური მინიშნება ისეთი თეორეტიკოსის ნაშრომში, როგორიცაა სტიუარტ კაუფმანი, მაგრამ თვალი სათანადოდ არ მიმიდევნებია მისი ნაშრომისთვის. 

ჟურნალ Science-ის 2003 წლის ყდა, სადაც გამოსახულია ქვების წრიული განლაგება.

ადამიანების უმეტესობა ინტუიციურად ხედავს გააზრებას, როგორც კომპეტენციის ერთადერთ შესაძლო წყაროს. შეგიძლია რამდენიმე წინადადებით აუხსნა ჩვენ მკითხველს, თუ როგორ აჩვენა დარვინის და ტიურინგის აზროვნების უცნაურმა ინვერსიებმა, რომ ჭეშმარიტება შეიძლება  საპირისპირო იყოს - გააზრება წარმოიქმნება გააზრების უნარს მოკლებული კომპეტენციებისგან? 

ბუნებრივი გადარჩევის გზით ევოლუცია არ არის გონიერი; ის ვერაფერს იაზრებს და არ აქვს მიზნები, მაგრამ ის ქმნის ჩინებული დიზაინის მქონე ავტონომიურ ცოცხალ სისტემებს. მისი კომპეტენცია ნებისმიერი ადამიანისას აღემატება. (ფრენსის კრიკმა ხუმრობით გამოთქვა ორგელის მეორე კანონი- “ევოლუცია უფრო ჭკვიანია, ვიდრე შენ”). უფრო კომპეტენტური, მაგრამ არა უფრო ჭკვიანი. სიჭკვიანე და შემეცნება რამდენიმე მილიარდი წლის გენეტიკური ევოლუციის და რამდენიმე ათასწლიანი კულტურული ევოლუციის, შედარებით, ახალი პროდუქტია, რომელმაც წარმოქმნა მოაზროვნე გონებები, რომლებიც მართლაც იმეცნებენ ბევრ რამეს, და პირველად ისტორიაში იყენებენ ამ შემეცნებას, რათა გაზარდონ საკუთარი კომპეტენცია (და შემეცნებაც). 

როგორც წიგნში ვწერ, ტურინგმა აჩვენა, რომ იმისთვის, რომ შევქმნათ სრულყოფილი გამომთვლელი მანქანა, არ არის აუცილებელი წინაპირობა, რომ იცოდეს, რა არის არითმეტიკა. ტიურინგის გამოგონებამდეც ასეულობით ათასი კომპიუტერი არსებობდა, მაგრამ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, თუ რა იყო არითმეტიკა და არა მანქანები. ტურინგმა აჩვენა, რომ შესაძლებელია ააგო მანქანა, რომელსაც არ აქვს გონება, არ იცის რა არის არითმეტიკა, მაგრამ შეუძლია მისდიოს “ინსტრუქციებს” და შედეგად სრულყოფილად შეასრულოს არითმეტიკული ოპერაციები. ორივემ, დარვინმა და ტიურინგმა აღმოაჩინა რაღაც სრულებით შემაშფოთებელი ადამიანის გონებისთვის - კომპეტენცია გააზრების გარეშე. 

გააზრების გარეშე კომპეტენციის შთამბეჭდავი მაგალითია ტერმიტები. ტერმიტების კოლონიას შეუძლია ააგოს უსაფრთხო და მყარი სახლი თავისი ჰაერის კონდიცირებით, არქიტექტორის ან არქიტექტურული პროექტის გარეშე. მეორე მხრივ, დიზაინი შეიძლება იყოს გააზრებული, ზემოდან ქვემოთ, რისი კარგი მაგალითიცაა ანტონიო გაუდი, არქეტიპული, ქარიზმატული გენიოსი, რომელიც შეიარაღებული იყო არქიტექტურული მონახაზებით, მანიფესტებით და კონცეფციებით. 

მარცხნივ ჭიანჭველვების აგებული შენობა (კომპეტენცია გააზრების გარეშე), მარჯვნივ ანტონიო გაუდის ბარსელონის ცნობილი ტაძარი (კომპეტენცია გააზრების შედეგად)

შეგიძლია, აგვიხსნა უილფრიდ სელარსის დიქოტომიის, მანიფესტური ხატი vs მეცნიერული ხატის მნიშვნელობა? 

სამყარო, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ, არის ის, რასაც სელარსი მანიფესტურ ხატს უწოდებს: ადამიანების, ფერების, მზის ჩასვლების, სითხეების და მყარი ობიექტების და ფულის და ბეისბოლის და მუსიკის და ხელოვნების მაგიდების და სკამების სამყარო. მეცნიერული ხატი არის სამყარო, რომლის შესახებაც გავიგეთ, დაახლოებით, თანამედროვე მეცნიერების დაბადებიდან, მეჩვიდმეტე საუკუნიდან (უხეშად რომ ვთქვათ), რომელიც ხსნის მანიფესტური ხატის ყველა ფენომენს, მაგრამ არ სცადო საფონდო ბირჟის, ან ჰიპ-ჰოპ მუსიკის პოპულარობის ატომურ ფიზიკამდე ან კვანტურ მექანიკამდე დაყვანა. “ საგნები, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით, როგორ უკავშირდება ერთმანეთს, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.” არის ფილოსოფიის ამოცანა, ამბობდა სელარსი და მე მას ვეთანხმები .

რა განსხვავებაა შენონის ინფორმაციასა და ინფორმაციას შორის, როგორც ეს გამოიყენება კოგნიტური მეცნიერების მიერ, რათა აღნიშნონ ტვინის რეგიონები, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას რაღაცის შესახებ? 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კიდევ ერთი წიგნის დაწერა მომიწევდა. “ბაქტერიებიდან ბახამდეს" თავი - “რა არის ინფორმაცია?”კარგი დასაწყისია, მაგრამ მას გადახედვა და გაფართოება სჭირდება, რაზეც ახლა ვმუშაობ. 

რით განსხვავდება ტვინი და მისი ნეირონები ციფრული კომპიუტერის წრედებისგან და ბისტაბილური მულტივიბრატორებისგან? 

არ არსებობს ორი ნეირონი, რომელიც ზუსტად ერთნაირია და ტვინი არაა აგებული ზუსტი ოპერაციული სისტემებისგან, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მოხდება შემდეგ და განაგებს ნაწილების ყველა ქმედებას. ნეირონები მარტივი აგენტებია, თავიანთი დღის წესრიგით და საჭიროებებით, რაც არ ჰგავს კომპიუტერის წრედების და ბისტაბილური მულტივიბრატორების მონურ მდგომარეობას. ჯერჯერობით, არავინ იცის, თუ როგორ შეუძლია რამდენიმე ასეულობით მილიარდ ნეირონს (რომ არაფერი ვთქვათ, უფრო მეტ გლიურ უჯრედზე ჩვენ ტვინში) ორგანიზება ისე, რომ გამოთვალოს სხვადასხვა ტიპის ღირებული რაღაცები -- სიღრმისეული აღქმა, ქცევის მაღალი დონის კონტროლი და თვითკრიტიკა -- მაგრამ ჩვენ გვაქვს ციფრული კომპიუტერების მოდელები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ (გარკვეული ხარისხით) და ეს ჩვენ გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ გამოთვლა, ზოგადი განმარტებით, იმის გასაღებია, თუ როგორაა ეს შესაძლებელი.  

როცა ამ კითხვის ფორმულირებას ვცდილობ, მე ვაჩნევ ფაქტს, რომ მე ვცდილობ კითხვის ფორმულირებას და, ასევე, ვამჩნევ, რომ ვამჩნევ, რომ კითხვის ფორმულირებას ვცდილობ და ასე შემდეგ… შემეცნებას თითქოს ყოველთვის რეკურსიული სტრუქტურა აქვს. რატომ არის გონება ასე აგებული? ეს ენის მიერაა განსაზღვრული ?

არ ვფიქრობ, რომ ეს განსაზღვრულია ენის მიერ, მაგრამ ის ნებადართულია ენის სტრუქტურის მიერ. ჩემი ეჭვია, რომ ენის და მისი უნარის გარეშე, შექმნას მაღალი დონის მარყუჟოვანი უკუკავშირები (როგორებიცაა საკუთარ თავთან ლაპარაკი და რაღაცის სწავლა იმისგან, რასაც გებულობ, რომ ამბობ) ძალიან მცირედი რეკურსია იქნებოდა შესაძლებელი.

ეს საუბარი მინდა დავასრულო შენი კომენტარით რელიგიის მომავალზე. მე ვხედავ რელიგიას, როგორც მოკვდავობის უარყოფის სისტემატიზებულ ფორმას, ჩვენს ეგზისტენციალურად შემაძრწუნებელ სასრულობასთან გამკლავების სტრესის შემამცირებელ მექანიზმს ; ეს მოსაზრება ასევე წინასწარ განმაწყობს პესიმისტური პროგნოზისთვის, რომ ხალხი მომავალში არ მიატოვებს რელიგიურ მითოლოგიას. შენ ფიქრობ, რომ არის ადგილი ოპტიმიზმისთვის? 

შესაძლოა, მართალი ხარ, მაგრამ მე უფრო ოპტიმისტი ვარ. მე ვხედავ კაცობრიობას, რომელიც უკან მოიტოვებს მოზარდობის ასაკს და ხდება ზრდასრული, რომელსაც შეუძლია სამყაროსთან გამკლავება ზღაპრების გარეშე. ეს დანამდვილებით მუშაობს ბევრი ჩვენგანისთვის და შესაძლოა, იმუშავოს თითქმის ყოველი ჩვენგანისთვის. 

კომენტარები