საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

დაკავებულია ბერი, მას ბავშვის პირადი ცხოვრების ფოტოებით შანტაჟს ედავებიან

ლევან ჯალაღონია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ დააკავეს პირი, რომელმაც არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა და შემდეგ ემუქრებოდა.

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ლ.ჯ. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თავს სასულიერო პირს უწოდებდა, არასრულწლოვანს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები მოტყუებით გადააგზავნინა. მოგვიანებით, როდესაც არასრულწლოვანმა ბრალდებულთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვიტა, ლ.ჯ. მას ფოტოსურათების ინტერნეტსივრცეში გავრცელებით დაემუქრა.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

9 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია "თვითმარქვია სასულიერო პირზე", რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიის ბერი აღმოჩნდა.

"ცოტა ხნის წინ სოციალურ და ტელემედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერი იოანე (ერისკაცობაში - ლევან ლუკას ძე ჯალაღონია) არასრულწოვანზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა და სოციალური ქსელით გაგზავნილი ფოტოების საფუძველზე აშანტაჟებდა მას.

როგორც ირკვევა, ბერი იოანე საზოგადოებაში თვითნებურად თავს მღვდელ-მონაზვნად წარმოაჩენს, ასევე თვითნებურად აღასრულებს მღვდელმოქმედებას, ბევრ მორწმუნეს აბრკოლებს და შეჰყავს შეცდომაში. ბოლო დროს ბერ იოანეზე რამდენიმე საჩივარი შემოვიდა საქართველოს საპატრიარქოშიც, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ იოანე ჯალაღონია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) 2016 წელს აღკვეცა ბერად და იგი ნამდვილად ირიცხებოდა ეპარქიის სამონაზვნო დასში. თუმცა მოგვიანებით საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, მღვდელმთავართან შეუთანხმებლად მონასტრის თვითნებურად დატოვების, დაუმორჩლებლობისა და ეპარქიაში შფოთის შემოტანისთვის არაერთხელ მიეცა მკაცრი გაფრთხილება, ბოლოს კი, საეკლესიო წესდებათა დარღვევისთვის, აეკრძალა წმინდა ზიარების მიღება. ამის შემდეგ მან საბოლოოდ დატოვა ეპარქია, თვითნებურად ატარებდა მღვდელმოქმედებას და აგრძელებდა მორწმუნეების დაბრკოლებას", - წერდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. 

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანის მიმართ იძულების, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტზე დაკავებულ ლ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურამ ლ.ჯ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

დაკავებულს არ ჰქონდა ჩამორთმეული ბერობა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრაქტიკა ამას ითვალისწინებს. შესაბამისად, ის დღემდე სასულიერო პირია.

 

კომენტარები