კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: კარანტინის შემცირება მხოლოდ შემოსულებს ეხებათ და არა ინფიცირებულთა კონტაქტებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ საკარანტინო პერიოდის შემცირებული, რვადღიანი ვადა მხოლოდ საქართველოში შემოსულ ადამიანებზე ვრცელდება და არა ქვეყანაში ინფიცირებულის კონტაქტებზე. ცვლილება 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. იმ დროისთვის, ყველა ადამიანი, ვისაც კარანტინში ყოფნის რვა დღე შეუსრულდება, PCR ტესტის გაკეთების შემდეგ საკარანტინო ზონას დატოვებს. 

"საქართველოში შემოსული ყველა ადამიანი, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ვისაც ეკუთვნის თვითიზოლაცია, გადის კარანტინს. ეს გახლდათ 12 დღე და ახლა ამ ვადამ ჩამოიწია რვა დღემდე. მერვე დღეს სახელმწიფო ხარჯზე უკეთდებათ ტესტი და თუ უარყოფითია, თავისუფლდებიან კარანტინიდან, იმ პირობითად, რომ მათ მე-12 დღეს, ისევ სახელმწიფოს ხარჯზე უნდა გაიკეთონ ტესტი". – თქვა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ეს ეხება საქართველოს მოქალაქეებს, რაც შეეხება უცხოელებს, ისინი როგორც კარანტინში ყოფნას, ისე PCR ტესტების საფასურს, თავად იხდიან.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, მეცხრე დღიდან სასურველია, რომ კარანტინიდან გასულ ადამიანს მე-12 დღემდე ჰქონდეს ნაკლები კონტაქტი საზოგადოებასთან, "თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის".

გერმანიის, საფრანგეთის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების და მუდმივი რეზიდენტების გარდა, საქართველოში შემოსულ ყველა ადამიანს სავალდებულო კარანტინის გავლა უწევს. მათ შორის საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად, ერთი რეისით მგზავრობს. 

სავალდებულო კარანტინი 12-დან 8 დღემდე შემცირდება. თუმცა, თავის დასაზღვევად, კარანტინში მყოფ ადამიანებს ახალ კორონავირუსზე PCR-ტესტი მე-8 დღესთან ერთად, მე-12 დღესაც ჩაუტარდებათ. 

"ბოლო კვლევების თანახმად, ვირუსის გამოვლენაც და გადაცემის რისკიც მე-8 დღიდან მნიშვნელოვნად მცირდება". – თქვა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები