Nord Stream 2

მერკელს მოუწოდებენ ნავალნის მოწამვლის გამო Nord Stream 2-ის პროექტი შეაჩეროს

AJ

გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ შეწყვიტოს რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის პროექტის მხარდაჭერა.

"კრემლის მაფიოზური სტრუქტურების მიერ მკვლელობის ღია მცდელობას არა მხოლოდ შეშფოთება, არამედ რეალური შედეგები უნდა მოჰყვეს. Nord Steam 2-ის პროექტზე რუსეთთან ერთად მუშაობა აღარ შეიძლება". - განაცხადა გერმანიის მწვანეთა პარტიის თანათავმჯდომარემ, კატრინ გიორინგ-ეკარდტმა.

კრემლი ნავალნის მოწმვლასთან კავშირს კვლავ უარყოფს. პუტინის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთის დადანაშაულების საფუძველი არ არსებობს.

Nord Stream 2-ის პროექტის შეჩერებას ემხრობიან მერკელის პარტიაშიც. ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნორბერტ რიოტგენმა გერმანულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ პროექტის დასრულება პუტინის "არაჰუმანურ და დამცინავ პოლიტიკას წაახალისებს".

"ნავალნის მოწამვლის შემდეგ ძლიერი ევროპული პასუხი გვჭირდება. ევროკავშირმა ერთსულოვნად უნდა გადაწყვიტოს Nord Stream 2-ის შეჩერება". - თქვა მან.

გერმანიას პროექტის შეჩერებისაკენ მოუწოდებს ევროკავშირში უკრაინის მისიაც.

"უკრაინის და საქართველოს წინააღმდეგ აგრესია, ქიმიური იარაღის გამოყენება დიდ ბრიტანეთში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა. კიდევ რა მტკიცებულებები გჭირდებათ იმისათვის, რომ Nord Stream 2 მიატოვოთ? ცხადია, რომ ეს მხოლოდ კომერციული პროექტი არაა და კიდევ ერთი რუსული მახეა. გამბედაობის დროა. შეაჩერეთ Nord Stream 2!" - ნათქვამია Twitter-ზე მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"მთავრობას შეუძლია, დაგმოს პუტინის ოპონენტის, ნავალნის მოწამვლა ყველაზე მკაცრად. შეუძლია, აღშფოთება გამოხატოს, მოუწოდოს კრემლს დაუყოვნებლივ გააკეთოს ახსნა-განმარტება. მაგრამ მანამ, სანამ პუტინთან გარიგებით Nord Stream 2-ის გაზსადენზე მუშაობს, ეს განცხადებები მხოლოდ ცარიელი სიტყვებია". - ვკითხულობთ გერმანული გამოცემა Bild-ის სარედაქციო წერილში.

Nord Stream 2-ის პროექტი თითქმის დასრულებულია. 1 220 კილომეტრიანი გაზსადენის მხოლოდ 160 კილომეტრიანი მონაკვეთის დასრულებაღა რჩება. პროექტს ეწინააღმდეგებიან აშშაღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

პროექტზე მუშაობა გასული წლის დეკემბრის შემდეგ დროებით შეჩერდა. მიზეზი აშშ-ს მხრიდან სანქციების მუქარის გამო პროექტიდან შვეიცარიული კომპანიის გასვლა გახდა.

გერმანულმა კომპანია Uniper, რომელიც გაზპრომთან და კიდევ 4 პარტნიორ კომპანიასთან ერთად პროექტში რჩება გასულ წელს განაცხადა, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ გაზსადენის მშენებლობა ვერ დასრულდება.

21 ივლისს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2021 წლის სამხედრო ბიუჯეტი, რომელიც ორი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის და Turkstream-ის საწინააღმდეგო სანქციებსაც მოიცავს

გაზსადენი ექსპლუატაციაში 2019 წლის ბოლოს უნდა შესულიყო, მაგრამ ამას აშშ-ს მიერ დაწესებულმა სანქციებმა შეუშალა ხელი. გასული წლის ბოლოს აშშ-მ გაზსადენის მშენებლობის ოპერატორებს სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც, მთავარმა სამშენებლო კომპანიამ, შვეიცარიულმა Allseas-მა პროექტზე მუშაობა შეწყვიტა.

2020 წლის იანვარში გაზპრომის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ რუსეთი სხვისი დახმარების გარეშეც დაასრულებს პროექტს, თუმცა, ამისთვის უფრო მეტი დრო იქნება საჭირო. 

იმავე შინაარსის განცხადება გააკეთა ვლადიმირ პუტინმაც. ანგელა მერკელთან შეხვედრის დროს პუტინმა თქვა, რომ რუსეთი გაზსადენის მშენებლობას 2020 წლის ბოლომდე ან 2021 წლის პირველ ნახევარში დაასრულებს. 

გაზსადენის პროექტი ითვალისწინებს ორი ხაზის მშენებლობას, რომლებიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაივლის და მისი საერთო სიგრძე 1,224 კილომეტრი იქნება. გაზსადენის სიმძლავრე, რომელიც რუსეთიდან გერმანიის მომარაგებას ითვალისწინებს, წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრია.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში 20 აგვისტოს გადაიყვანეს. ის კვლავ კომაშია. ნავალნის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები აცხადებენ, რომ ის მოწამლეს. რუსი ექიმების განცხადებით, ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა ბერლინის კლინიკამ, რომელშიც ნავალნი 20 აგვისტოს გადაიყვანეს, განაცხადა, რომ კლინიკური გამოკვლევის შედეგები პოლიტიკოსის მოწამვლაზე მიუთითებს.

გერმანიის მთავრობამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი, "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტითაა მოწამლული. მათივე განცხადებით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტებმა აჩვენა "ცალსახა მტკიცებულება" იმისა, რომ ესაა "ნოვიჩოკის" ჯგუფის ქიმიური ნერვული აგენტი. ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" რუსული წარმოშობისაა.

გერმანია, საფრანგეთი, აშშ და ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებენ, რომ გამოიძიონ ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმე და დამნაშავეები დასაჯონ. ნავალნის მოწამვლის გამო გერმანიამ, შესაძლოა, რუსეთს სანქციები დაუწესოს. რუსეთის გენერალური პროკურატურის გამოძიების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო საკუთარ გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები