კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: არსებობს რეალური რისკი, რომ კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა დავაბრუნოთ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, არსებობს რეალური რისკი, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდეს.

"ეს მიკროაფეთქებები კარგი არ არის, მაგრამ ის მოსალოდნელი იყო. იქნება მეორე ტალღა. უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე ახლა, მაგრამ არა იმდენად, როგორც მარტში და აპრილში.

არსებობს რეალური, სერიოზული რისკი, რომ ქვეყანაში გავრცელდეს და დაბრუნდეს, იძულებული გავხდეთ, ქვეყანაში დავაბრუნოთ ის ზომები, საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი თუ სხვა. ეს გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ ყურადღება მოვადუნეთ". - ამბობს ცერცვაძე.

სულ რაღაც ორი დღის წინ, 2 სექტემბერს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობდა, რომ მკაცრი საკარანტინო ღონისძიებები არ იგეგმება. ამირან გამყრელიძის თქმით, "დიდი ალბათობით, არავითარი მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში არ იქნება, ეს არის არამარტო ჩვენი, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაც. მდგომარეობა ბევრგან არის გაუარესებული, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება". მისი აზრით, "უნდა იყოს სწორი ბალანსი - ერთი მხრივ, მობილობის გახსნასა და, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას".

"შემთხვევების ზრდა ერთი ათეულით, ორი ათეულით, ეს არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს სრულად მართვადი და კონტროლირებადია. ეს არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს დღეს მკაცრი საკარანტინო ან სხვა ღონისძიებების გატარებისთვის. ასეთი რამ არც იგეგმება" - თქვა გამყრელიძემ 2 სექტემბერს. 

საქართველოში კორონავირუსის 1 596 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 28 - ბოლო 24 საათში. 

კომენტარები