აშშ - რუსეთი

რუსულ Dark Net-ში აშშ-ს მილიონობით ამომრჩევლის პირადი ინფორმაცია გავრცელდა

რუსულ Dark Net-ში ერთერთ ჰაკერულ ფორუმზე აშშ-ს მილიონობით ამომრჩევლის პირადი ინფორმაცია გავრცელდა. ინფორმაციის ამის შესახებ გაზეთმა კომერსანტმა გაავრცელა.

მონაცემთა ბაზა, რომელზე წვდომასაც ჰაკერები მსურველებს უფასოდ სთავაზობენ, მიჩიგანის შტატის 7.6 მილიონი ამომრჩევლის პირად ინფორმაციას მოიცავს. ხელმისაწვდომია ამომრჩევლების სახელები, დაბადების თარიღი, სქესი, რეგისტრაციის თარიღი, მისამართი, საფოსტო ინდექსი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ნომერი და საარჩევნო ოლქის ნომერი. ინფორმაცია Dark Net-ში გაავრცელა მომხმარებელმა სახელით - Gorka9. მისი სიტყვებით ინფორმაცია 2020 წლის მარტის მონაცემებს ასახავს. კიბერუსაფრთხოების რუსულ კომპანია InfoWatch-ში დაადასტურეს ინფორმაციის ნამდვილობა და აღნიშნეს, რომ ამ ინფორმაციამ 2019 წლის ბოლოს გაჟონა.

იმავე ფორუმზე ხელმისაწვდომია ამომრჩევლების პირადი მონაცემები კონეკტიკუტის, არკანზასის, ფლორიდისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატებიდან. თითოეული არქივი 2-6 მილიონამდე მონაცემს მოიცავს. ამას გარდა, მომხმარებელი Gorka9-ს მსურველებს სთავაზობს ბრუკლინის ქირურგიის ცენტრის 62 000 პაციენტის პირად მონაცემებს.

მსგავსი სახის ინფორმაციის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაა შესაძლებელი. ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია ამომრჩევლების პრეფერენციების შესწავლა, მათ არჩევანზე გავლენის მოხდენა და საპროტესტო აქციებისკენ წახალისებაც კი. თუმცა ყველაზე ხშირად მსგავს მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ადამიანების შესახებ ყველა ძირითად ინფორმაციას მოიცავს, თაღლითები იყენებენ. 

კომპანია Solar JSOC-ის კიბერთავდახმების მონიტორინგისა და რეაგირების ცენტრის დირექტორის, ვლადიმირ დრიუკოვის ვარაუდით ჰაკერებმა, რომლებმაც თავდაპირველად ჩაიგდეს მონაცემთა ბაზა ხელში უკვე მიიღეს მისგან ყველა კომერციული სარგებელი და მხოლოდ ამის შემდეგ განათავსეს ის Dark Net-ში უფასოდ.

აღსანიშნავია, რომ ფორუმის მომხმარებლებმა მაინც მოახერხეს მონაცემების გამოყენებით ფინანსური სარგებლის მიღება. ამისთვის, მათ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამის "ჯილდო სამართლიანობის დახმარებისთვის" ფარგლებში, ადამიანებს ფულადი ჯილდოს მიღება შეუძლიათ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის მცდელობებზე ინფორმაციის სანაცვლოდ. ფორუმის ერთერთი მომხმარებლის განცხადებით, მონაცემთა ბაზის ინტერნეტ მისამართის სანაცვლოდ მან 4000 დოლარის ოდენობის ჯილდო მიიღო.

აშშ-ს ხელისუფლებამ 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობებში რუსეთი დაადანაშაულა. ბრალდებებს უარყოფს რუსული მხარე. 

აშშ-ს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები