გამყრელიძე: მცირე ეპიდაფეთქებები პროგნოზირებადი იყო, ეკონომიკა და ტურიზმი უნდა გაიხსნას

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სვანეთის ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების აუცილებელი შემსუბუქების პირობებში მცირე ეპიდაფეთქებები მოსალოდნელი იყო, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკა და ტურიზმი უნდა გაიხსნას. 

"განვსაზღვრეთ დაახლოებითი სამიზნე კონტინგენტი, რომელიც უნდა იქნას გამოკვლეული, თვითონ ლენჯერში თითქმის დავამთავრეთ ეს თემი. ასევე დაბა მესტიაში, ასევე უშგულში და კიდევ რამდენიმე სოფელში. სამწუხაროდ, შედეგი, დაახლოებით, პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფეთქებები გვექნებოდა, რაც დაკავშირებულია იმ შემსუბუქებასთან, რაც აუცილებელია. მოგეხსენებათ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი კარგად დაცულია". – თქვა ამირან გამყრელიძემ.

10 აგვისტოს ახალი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიაში დადასტურდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის იქნება შესაძლებელი. მუნიციპალიტეტის დატოვების შემთხვევაში კი მოქალაქეები გაივლიან სავალდებულო კარანტინს.

კერძოდ, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო იზღუდება შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

ასევე, საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში უშგულსა და ლენჯერში, რაც ამ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 18 სასტუმროში საკარანტინო სივრცეები მოეწყობა. უკვე მზად არის ჯამში 327 ოთახი.

კომენტარები