არჩევნები 2020

გახარია: ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო

ვინც რაც არ უნდა გვითხრას, ჩვენს წარსულს და ტრადიციებს არ დავივიწყებთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიახლისთვის ღია არ ვიქნებით. ჩვენ ვიყურებით მხოლოდ წინ, მხოლოდ მომავალში, ჩვენი თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ჩვენს მოქალაქეებზე და ხვალინდელ დღეზე. ყოველთვის ასე იყო, ეს არის ქართული ოცნების მახასიათებელი ნიშანი, ის, რომ ადამიანი არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი, ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი ზრუნვის ძირითადი საგანი.

ყველას კარგად გვესმის, რომ ჯერ პრობლემები ქვეყანაში ბევრია. დაგვემთხვა პანდემია - გარდა იმისა, რომ უნდა ვიზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, ეკონომიკაზე უნდა ვიზრუნოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯერ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სამუშაო ადგილები და შემდგომ უკვე ეკონომიკური აღდგენის ეტაპზე შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ.

ასევე გვეუბნებოდნენ, რომ რა საჭიროა სოფლის მეურნეობაო. არა, ბატონო! სოფლის მეურნეობა და ქართველი ადამიანის, ქართველი კაცის ქართულ მიწასთან ბმა არის სულ სხვა ემოციური სფერო. ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პრაგმატულ, ეფექტიან განზომილებაში უნდა გადავიყვანოთ, უნდა მივეხმაროთ ქართველ გლეხს, რომელმაც უნდა მოიყვანოს ქართული პროდუქტი. 

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ყვარელში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენისას თქვა.

კომენტარები