თამარ ბაჩალიაშვილის საქმე

დღეს თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება

დღეს, 8 აგვისტოს, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.

როგორც რამიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში განმარტავს, რომ ბაჩალიაშვილის კუთვნილი მობილური ტელეფონი მის თვალწინ დაილუქა. მისივე ცნობით, ექსპერტიზას თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ძმაც დაესწრება.

"ყველა ის ინფორმაცია, რაც მობილურთანაა დაკავშირებული, ყველაფერი შემოწმებული იქნება და დავაკვირდები, როგორ ჩატარდება ეს პროცედურები, რა ინფორმაცია იქნება ამოღებული და ვნახოთ, შემდეგ კიდევ რასთან გვექნება საქმე. ისევ და ისევ იმ კითხვის ნიშნების ახალი ჯაჭვისებური მანიპულირება იქნება, ყველაფერი იქნება იმისკენ სწრაფვა, რომ საზოგადოებაში კი არა, ოჯახის წევრებს დარჩეს იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს, თუ იქნება ერთხელ და სამუდამოდ იმისკენ სწაფვა, რომ ყველაფერი იყოს ობიექტურად.

რაც შეეხება ლეპტოპს, ამის მიმართ არის უნდობლობა და ამისთვის ჩვენ გადავდგით ნაბიჯი და ველოდებით როგორ განხორციელდება FBI-ის მიმართ და სასამართლო განჩინების თანახმად ჩართულობა და რა შინაარსობრივი ინფორმაცია იქნება გამოთხოვილი". – ამბობს რამიშვილი.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს, დილის 11 საათზე სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ახლობლებთან კონტაქტი არ ჰქონია. გარე კამერებმა ის ბოლოს თეთრიწყაროს მიმდებარედ, ერთ-ერთ სოფელში შეამჩნიეს.

ოთხდღიანი უშედეგო ძებნის მიწურულს, 21 ივლისს მშობლებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფრო ეფექტიანი სამძებრო სამუშაოების ჩატარებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც 22 ივლისის დილას ძებნის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო.

საქმეზე გამოძიება 115-ე და 143-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და საქმეში FBI-ს ჩართვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით მათ 4 აგვისტოს, ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს.

აქციის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. ასევე, 6 აგვისტოს შეხვედრის შემდეგ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თქვა, რომ ანალოგიური დაპირება ირაკლი შოთაძისგანაც მიიღეს. მისი თქმით, მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ფედერალური ბიურო (FBI) ნებისმიერ ექსპერტიზაზე ჩაერთვება, რასაც ოჯახი მოითხოვს.

გარდა ამისა, შსს-ს შუალედური ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა, ხოლო ერთი დღით ადრე არკვევდა - რა მოუვიდოდა მის Facebook გვერდს, თუ გარდაიცვლებოდა.

კომენტარები