რუსული ოკუპაცია

ხოშტარია: ქვეყნისთვის ტრაგიკულია, როდესაც ომის საკითხი ვიწროპარტიული კამათის საგანი ხდება

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ელენე ხოშტარია რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის მე-12 წლისთავს და ქართული ოცნების წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"ქვეყნისთვის ტრაგიკულია, როდესაც ისეთი ფუნდამენტური, პრინციპული მნიშვნელობის საკითხი, როგორიცაა ომი და სახელმწიფოს არსებობა-არარსებობის საკითხი, ხდება შიდაპარტიული კამათის საგანი.

გახარიას დღევანდელი განცხადება ჩემთვის სიურპრიზი არ იყო იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსვლის დღიდან ამ საფუძველს გვინგრევდა, გვირყევდა და გახადა ეს საკითხი პირდაპირ პარტიული. აქაც არის მისი რუსული ინტერესი, ანუ, ის კადრულობს, ასეთი საკითხი პარტიულ დაპირისპირებაში გამოიყენოს და პარტიას, სახელმწიფოს დააბრალოს ომის დაწყება". - თქვა ხოშტარიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში. 

ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნების წევრების განცხადებებს, გარდა მორალური სიმძიმისა, პრაგმატული შედეგებიც აქვს, რადგან განცხადებებით, რომლებშიც საქართველო ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება, საერთაშორისო პარტნიორებს უმცირდებათ სანქციების დაწესების შესაძლებლობა თუ სხვა მსგავსი ინსტრუმენტები. 

"ის, რაც ჩვენ ვნახეთ სალომე ზურაბიშვილის წიგნში, ვოლსკის განცხადებებში, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებში არის მიზანმიმართული ხაზი, რომელსაც ამ ომში ბრალი გადააქვს საკუთარი სახელმწიფოს მხარეს და ამბობს, რომ საქართველო არის პასუხისმგებელი." - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

დღეს გახარიამ თქვა, რომ წარსული შეცდომებს აღარ გაიმეორებენ, ერთი თვის წინ კი, გია ვოლსკიმ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: "ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია, აბა რა გგონიათ, რომ ოკუპაცია კარგია?"

აგვისტოს ომზე ქართული ოცნების რიტორიკას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კომენტარები