აგვისტოს ომი

კრამონი: რუსეთს კვლავ არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება – პასუხი უნდა აგოს

 

"რუსეთს კვლავ არ შეუსრულებია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რისთვისაც რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. წლების შემდეგ, რუსეთმა იგივე აგრესიული ტაქტიკა უკრაინაშიც გამოიყენა". – წერს გერმანელი ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე.

კრამონი განმარტავს, რომ ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს, მის ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროპულ მომავალს მხარს უჭერს.

"საქართველოში რუსეთის შეჭრიდან და ანექსიიდან 12 წელი გავიდა, მაგრამ ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც ამ დროს დამთავრებულა. 2008 წლის მოვლენებს წინ უძღოდა რუსეთის მრავალწლიანი აგრესია, რაც გრძელდება მცოცავი ოკუპაციითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით". – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია მოჰყვა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

კომენტარები