ისრაელი

ისრაელში ანტისამთავრობო აქცია წყლის ჭავლით დაშალეს, დაკავებულია 55 ადამიანი

Oren Ben Hakoon / Ysraelhayom

ისრაელში, ცენტრალურ იერუსალიმში ანტისამთავრობო გასმოვლების დროს 55 ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა მოითხოვეს და მთავრობის მიერ ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის არაეფექტიანად მართვა გააპროტესტეს.

აქცია დაიწყო ხუთშაბათს, 24 ივლისს პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან. კონტრაქცია გამართეს ნეთანიაჰუს მხარდამჭერებმაც. ორი აქცია პოლიციის კორდონით იყო გამოყოფილი. საბოლოოდ, დემონსტრანტები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. 

ბოლო კვირებში აქციები ისრაელში აქტიურად იმართება. რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ათასობით მომიტინგემ ეკონომიკური კრიზისი გააპროტესტა. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ მთავრობა არ აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ იმათ, ვინც ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შედეგად სამუშაოები დაკარგა, კომპენსაცია მისცეს. 

9 ივლისს ნეთანიაჰუმ დახმარების ახალი პაკეტი დააანონსა, რაც თვითდასაქმებულთათვის სწრაფ კომპენსაციას, მომავალი წლისთვის კი ეკონომიკური "უსაფრთხოების ქსელის" შექმნას მოიცავს.

ისრაელში ახალი კორონავირუსის გამო მკაცრი ზომები შუა მარტიდან შემოიღეს. ზომების შემსუბუქება მაისის ბოლოდან დაიწყო.

ისრაელის მოქალაქეთა დიდი ნაწილი სამუშაო ადგილს ვერ დაუბრუნდა. ახალი კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის გამო შიშობენ, რომ, შესაძლოა, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს. უმუშევრობის მაჩვენებელი 21%-მდეა გაზრდილი.

ამ დროისთვის, ისრაელში ახალი კორონავირუსი 57 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 442 გარდაიცვალა, 24 000-ზე მეტი კი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები