Lui Coffee/ლუი კოფი

ბარ ლუი კოფეს დამფუძნებლის თქმით, მეზობელი ქალი რასიზმის ნიადაგზე კაფეს დახურვას აიძულებს

Lui Coffee/ლუი კოფი

ყავის ბარ ლუი კოფეს დამფუძნებელი, ილია მიშენკო Facebook-ზე წერს, რომ რასიზმის ნიადაგზე მეზობელი და საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე კაფეს დახურვას აიძულებს. როგორც უკრაინელი მიშენკო წერს, მეზობელი აგრესიით გამოირჩევა, უშვერი სიტყვებით ლანძღავს მათ და მოუწოდებს, "წაეთრიონ რუსეთში და იქ აკეთონ თავიანთი საქმე". 

მიშენკოს ცნობით, პრობლემის გადაჭრის მიზნით, მეზობელს კაფეს მენეჯერი ესაუბრა, თუმცა მან ამაზე მან უარი განაცხადა და დაამატა, რომ ვაკეში, თან ასეთ პრესტიჟულ სახლებში, კაფეები საერთოდ არ უნდა იყოს და დახურვით დაიმუქრა. 

"ის უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში, წარმოუდგენელი აგრესიით და უშვერი სიტყვებით გვლანძღავს, პირდაპირ გვემუქრება დაკეტვით. ჩემი მეუღლის, ულიანას მცდელობის, მშვიდად ესაუბრათ, პასუხად მივიღეთ წავთრეულვიყავით რუსეთში და იქ გვეკეთებინა ჩვენი საქმე, ამ სიტყვებით გვლანძღავდა პატრულის თანამშრომლების წინაშეც , რომელიც ასევე თვითონ გამოიძახა. სიტყვა რუსების ხშირი გამოყენებით, ცდილობდა, პატრულის თანამშრომლები ცუდად განეწყო ჩვენ მიმართ, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა და, პირიქით, არაერთხელ მიუთითეს, კორექტულად ესაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით იცოდა, უკრაინელები ვართ, რადგან წინა დღით ჩვენმა მენეჯერმა მისწერა ამის შესახებ.

ამ ქალბატონის გაღიზიანება კი გამოიწვია, თითქოსდა კაფედან გამომავალმა სუნმა მაშინ, როცა მესამეზე და მეოთხეზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი ყოველდღიური მომხმარებლები არიან და არასოდეს გამოუთქვამთ პროტესტი მსგავსი პრობლემის შესახებ". - წერს მიშენკო. 

მისი ინფორმაციით, მათ საჩივარიც შეიტანეს და მოწმეებიც დაიკითხნენ, კერძების მომზადება კი დროებით შეჩერებულია. 

"ზემოაღნიშნული ქმედება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლს (რასისტული დისკრიმინაცია), ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ამასთან დაკავშირებით და დაიკითხნენ მოწმეებიც.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ ქალბატონის საჩივრების ნიადაგზე ჩვენთან იყვნენ მუნიციპალური ინსპექციიდან, სურსათის უვნებლობიდან და მზად ვართ კიდევ ბევრი ინსპექციისათვის.

დროებით შევაჩერეთ მთელი რიგი კერძების მომზადება, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.თავისი სურვილი, რომ დაგვკეტოს, ამ ქალბატონმა უკვე გამოთქვა. არ დაგვკეტა ჭავჭავაძის გამზირის რემონტმა, არ დაგვკეტა კორონავირუსმა, არც ეხლა არ დავიკეტებით.

ჩვენს მეზობელს კი ანდაზას ვეტყვით ,რომელიც ყოველთვის აქტუალურია: "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - წერს Facebook- ზე ყავის ბარ ლუი კოფეს დამფუძნებელი, ილია მიშენკო. 

კომენტარები