ტურიზმი

პრემიერის მრჩეველი სავალდებულო კარანტინზე: უცხოელს უფრო ნაკლები უშუალო კონტაქტი აქვს

საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრის მრჩევლის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ტურისტები კორონავირუსის გავრცელების ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ. ასე ხსნის ჩიქოვანი იმ ფაქტს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან, ლიტვიდან და ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგაც მოუწევთ. სწორედ ამ ხუთი ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს გაუხსნა საქართველომ საზღვარი უპირობოდ.

"რეალურად, უცხოური ვიზიტორისთვის გაცილებით უფრო ნაკლებია იმ პირთა წრე, რომელთანაც შეიძლება უშუალო კონტაქტში შევიდეს, ხოლო საქართველოს მოქალაქისთვის ეს გაცილებით უფრო ფართეა და, შესაბამისად, გაცილებით უფრო ინტენსიურია, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ამაზე თვითონ ეპიდემიოლოგები უფრო კონკრეტულ პასუხს გაგცემენ. ამიტომ საფრთხეების გათვალისწინების გამო მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და ამ რეგულაციების არსებობა". – განაცხადა ჩიქოვანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კითხვაზე, აყენებს თუ არა უთანასწორო მდგომარეობაში საქართველოს მოქალაქეს ის ფაქტი, რომ მასთან ერთად, იმავე რეისზე მყოფი გერმანიის მოქალაქე რეგულაციის გარეშე კვეთს საზღვარს, თავად კი კარანტინში მიდის, პრემიერის მრჩეველი ამბობს, რომ უთანასწორობაზე საუბარი არ არის.

"არა, ეს არ არის დისკრიმინაციული ვითარება და არათანაბარი მდგომარეობა. ხუთ სახელმწიფოზე, რომელსაც ვუხსნით საზღვარს, ვსაუბრობთ, როგორც მოქალაქეებზე, ასევე, რეზიდენტებზე და ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამ პანდემიის პირობებში არის უფრო მეტი სიფრთხილე საჭირო.

ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს ვთავაზობთ იმას, რომ უფრო მეტი უსაფართხოებისთვის უზრუნველვყოთ ისინი 14-დღიანი კარანტინით. მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა აღიარებს, რომ ეს არის ძალიან სწორი მიდგომა, რომელმაც საშუალება მოგვცა, მიგვეღო ეს შედეგი, რაც გვაქვს". – აცხადებს ჩიქოვანი.

კითხვას, "გამოდის, გერმანიის მოქალაქეებზე არ ზრუნავს გერმანია და საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს ჩვენი სახელმწიფო"? – პრემიერის მრჩეველი უხეშ და არასწორ ნათქვამად მიიჩნევს.

"როდესაც დღეს მოქალაქეები დატოვებენ ტერიტორიას და გავლენ თუნდაც იმ სახელმწიფოში, რომელშიც თავისუფლად შეუძლიათ გადადგილება, დიახ, უნდა გაითვალისწინონ საკუთარი მგზავრობის დაგეგმარებისას ეს ობიექტური რეალობა, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვმართოთ კოვიდვითარება ქვეყანაში". – ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან საზღვარი უპირობოდ იხსნება საფრანგეთის, გერმანიის, ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის მოქალაქეების/რეზიდენტებისთვის. ისინი საქართველოს საზღვარზე მხოლოდ თერმოსკრინინგს გაივლიან. ასევე, ამ ქვეყნის მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ წინასწარ შევსებული ფორმა. საქართველოს მოქალაქეებს კი, ორკვირიანი კარანტინი ამ ქვეყნებიდან ჩამოსვლის შემთხვევაშიც შეეხებათ. 

კომენტარები