წლების წინ ტაბულაში სვეტი მქონდა დასაწერი და ძალიან მეზარებოდა. ძნელია მაგ დროს წერა. შეიძლება, გეზარებოდეს და კარტოფილი შეწვა, ან მეგობართან წახვიდე, ან ბურთი აკენწლო, მაგრამ წერა არ გამოდის, იმიტომ, რომ წერისას უამრავი რაღაც უნდა გაერთიანდეს და ისე გადავიდეს ფურცელზე.

ჰოდა, მოვიკრიბე ძალა, დავწერე სწრაფად და გამოვაქვეყნე. უმარტივესი ტექსტი უმარტივესი, ანბანური სათაურით "აი ია".

თითქმის 30 წელიწადია, ვწერ, იმ "სარბიელიდან" მოყოლებული, რომელსაც გაჭირვებული ადამიანები ხშირად პურის მაგივრად ყიდულობდნენ, მაგრამ ასეთი უცნაური ბიოგრაფია, როგორიც "აი ია"-ს აქვს, არცერთ სხვა ნაწერს არ ჰქონია. და ამიტომ ძალიან შემიყვარდა, როგორც ცოტა კრეტინი ძმაკაცი, რომელიც სულ შარში და თავგადასავლებშია.

"აი ია"-ს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს ატყდა, მარა რა ატყდა - მომიქსიეს სოციალისტ-ონანისტთა მთელი არმია, ხელოვნურად გაბრაზებული აფარკლული ნორჩი ვაჟები, რომლებსაც, როგორც გაირკვა, წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რაზე იყვნენ აღაჟღაჟებულები - უბრძანეს და გაბრაზდნენ. მერე ამ სტატიის კომენტარებში ატყდა ენით აუწერელი პორნოგრაფია, ოღონდ არანაირი კონკრეტიკა - უბრალოდ ჩხუბობდნენ. მე თუ მკითხავთ, ამ ტექსტზე ბევრად ყურადღება მისაქცევი ის "დისკუსიაა". საგანძურია, ერთგვარი.

პირველი ტალღის შემდეგ ეს ტრაგიკომედია პერიოდულად ღორძინდებოდა, მაგრამ შარშან მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა და ნახეთ, რა მოხდა: ფეისბუქზე გამოჩნდა წერილი, სათაურით "აი ია". შევხედე, ჩემია. მეგონა, ახალი ტალღუკა აგორდა, მაგრამ შემშლია - წერილის ავტორად კახა ბენდუქიძე იყო მითითებული და ფოტოც მისი ეყენა. სტატია რეაქტიული სისწრაფით გავრცელდა, კომენტარებში - ქება, დიდება, შესანდობრები. ეპითეტები - გენიალური, შეუდარებელი, ბრწყინვალე, გადასარევი, ისტორიული ტექსტი - ადამიანები, რომლებიც მანამდე ამ ნაწერის გამო უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ, ამჯერად, ამავე ნაწერის გამო, კახას სადღეგრძელოებს სვამდნენ.

ბუნებრივია, ვისაც მივწვდი, გადამშეარებელი ნაცნობი იქნებოდა თუ გამომქვეყნებელი ფეისბუქ-გვერდი, ყველას მივწერე, რომ ტყუილებს ავრცელებენ. და ყველაზე საინტერესო ზუსტად აქ მოხდა, ის, რისთვისაც საერთოდ დავწერე, რასაც ახლა კითხულობთ - ნაცნობების უმრავლესობა შემოიფარგლა რეპლიკით, "უი, მართლა შენია"? და ხელიც არ უხლიათ, დატოვეს, როგორც იყო. რამდენიმემ ინამუსა და აიღო, ხოლო რამდენიმემ საერთოდ დამბლოკა იმიტომ, რომ არ მენახა, როგორ არ ახლო ტყუილს ხელი, რათა "ტრაფიკი" არ მოკლებოდა.

რაც შეეხება ფეისბუქ გვერდებს, კარგა ხანს ყურადღებასაც არ აქცევდნენ ამ ამბავს, მერე, რომ არ მოვეშვი, ზოგმა ავტორი შეცვალა და ბენდუქიძის ფოტო დატოვა, ან პირიქით, ფოტო აიღო და ავტორი არ შეცვალა. როგორ იტანჯებოდნენ, რომ მნახველების რაოდენობის შემცირება ელოდათ სიმართლის გამო.

და დღეს ასეთი მდგომარეობაა - ჩემი ეს "კრეტინი ძმაკაცი" ისევ მოგზაურობს, ოღონდ ვეღარ გაიგებ, ვინ დაწერა და როდის, ან ვის მოსწონს და ვის - არა. შეხვალ, წაიკითხავ, ავტორი სხვაა, ფოტო სხვისია, ახლობლები გაგიჟებულები არიან იმიტომ, რომ კომენტარების მიხედვით დამწერი გარდაიცვალა და აღელვებულები არკვევენ, სად და როგორ ვარ...

აქ ვარ. და ისევ ვაგრძელებ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და რომელსაც მძიმე კაცის გამო კარგა ხნით მოვწყდი. ამჯერად მომცრო "აი ია"-ს "აი იაჩო"-ს შემოგთავაზებთ და მომავალში უკვე სერიოზულ თემებზეც გადავალ.

მაშ ასე.

აი იაჩო (იაკო, იამზე, იუშკები, როგორც გენებოთ),

სხვისი ქონების უნებართვოდ მითვისება დანაშაულია. სხვისი ნაშრომის უნებართვოდ მითვისება და სხვისად გასაღება საკუთარი პოპულარობისთვის - პროვინციალიზმი.

ადამიანები მაშინ უნდა აქო და ადიდო, როცა ცოცხლები არიან. სიცოცხლეში ლანძღვას და სიკვდილის მერე ხოტბას დისტანციური ნეკროფილიის სუნი დაკრავს.

პოპულარობისთვის ყველაფრის კადრება არ ღირს.

როცა გუშინ რაღაც არ მოგწონდა და დღეს აღმერთებ, იმიტომ, რომ ასეა საჭირო, ხმის მიცემის უფლება გაქვს ჩამოსართმევი.

2x2=4

კომენტარები