ევროპული საქართველო

კახიძე კვიციანისა და მარშანიას "გადაბირებაზე": არაადეკვატურობის მორიგი ნიმუშია

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერის, ოთარ კახიძის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი კობახიძის ნათქვამი, რომ პარტიამ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად პატრიოტთა ალიანსის ყოფილი, თუ მოქმედი წევრები გადაიბირა, "არაადეკვატურობის მორიგი ნიმუშია". 

ოთარ კახიძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე არაადეკვატურობის ახალ-ახალ რეკორდებს ხსნის ხოლმე. 

"ახლანდელი განცხადება, რომ ევროპულმა საქართველომ ადა მარშანიასა და ემზარ კვიციანს რაღაც ქმედებები აიძულა, თუ ტყვეობაში გვყავს, თუ ჩვენ ჭკუაზე დადიან პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელები, ისეთი დოზის სისულელეა, რომ სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს". – ამბობს ოთარ კახიძე. 

30 ივნისს რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ღამის კურიერში პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ თქვა, რომ ევროპულ საქართველოსა და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნა სურდათ და სწორედ ამიტომ, ისინი დეპუტატების გადაბირებას ცდილობდნენ, არ მიეცათ ხმა საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მცდელობებმა მხოლოდ ადა მარშანიასა და ემზარ კვიციანზე გაჭრა. შეკითხვაზე, რითი შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა ისტორია, რომ მეორე მოსმენის დროს ადა მარშანიამ ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ადგილმდებარეობის შესახებ მოიტყუა. 

"ადა მარშანიასთან დაკავშირებით, მაგალითად, მეორე მოსმენა იყო და ვიკითხეთ, სად იყო ადა მარშანია. გვითხრეს, რომ იყო რაჭაში, ჰქონდა წნევა, ვერ ჩამოდიოდა რაჭიდან სიმაღლის გამო. ჩვენ გადავამოწმეთ ჩვენი პარტიული ხაზით, სად იმყოფებოდა ადა მარშანია და იმყოფებოდა ქობულეთში". – თქვა ირაკლი კობახიძემ. 

1 ივლისს ქართული ოცნების დეპუტატის ამ ნათქვამს თავად ადა მარშანია გამოეხმაურა და თქვა, რომ მას "200 ჰქონდა წნევა" და ენმ "შავ-ბნელ მოლაპარაკებებს ვერ გაუბედავდა". 

კომენტარები