HBO

ქარწაღებულნი HBO Max-ზე დაბრუნდა - ფილმს ორი განმარტებითი ვიდეო დაურთეს

Gone With The Wind

"ქარწაღებულნი" HBO Max-ზე დაბრუნდა და თან დართული აქვს ორი ვიდეო, სადაც ფილმის ისტორიულ კონტექსტს მიმოიხილავენ.

პირველ ვიდეოში ფილმების მიმომხილველი, ჟაკლინ სტიუარტი, ლაპარაკობს, რატომ უნდა ჰქონდეს თან დართული დისკუსია 1939 წელს გადაღებულ ფილმს.

"ფილმს გადაღებების დროს მუდმივად აპროტესტებდნენ. პროდიუსერმა შესანიშნავად იცოდა, რომ შავკანიანები შეწუხებულები იყვნენ ფილმში წამოჭრილი საკითხით მონობის შესახებ და ასევე შავკანიანი პერსონაჟებისადმი მოპყრობით." - ამბობს სტიუარტი.

მისივე თქმით, ფილმში ნაჩვენებია სამხრეთის სილამაზე, თუმცა სისტემის ბრუტალური ხასიათი დამალულია.

ჟაკლინ სტიუარტი ვიდეოში ასევე იხსენებს, რომ სეგრეგაციის კანონის გამო ფილმის პრემიერაზე დასწრება შავკანიანმა მსახიობებმა ვერ შეძლეს. თუმცა "ქარწაღებულნის" მსახიობი, ჰატი მაკდანიელი, გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც ოსკარი მოიპოვა.

"ამ ფილმის ყურება შესაძლოა უსიამოვნო და მტკივნეული იყოს, მაგრამ ჰოლივუდის კლასიკური ფილმები პირვანდელი სახით უნდა შემორჩეს." - ამბობს სტიუარტი.

მეორე ვიდეოში ისტორიკოსი, დონალდ ბოილი "ქარწაღებულნის"  დატოვებულ რთულ მემკვიდრეობას მიმოიხილავს.

HBO Max-მა "რასისტული გამოსახულებების" გამო "ქარწაღებულნი" სარჩევიდან 10 ივნისს ამოიღო. კომპანიამ 1939 წელს გადაღებული ფილმის დროებით ამოღების გადაწყვეტილება ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო დაწყებული პროტესტების შემდეგ მიიღო.

ფილმში მოქმედება ვითარდება ატლანტაში ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ. იგი გვიამბობს პლანტატორის შვილის, სკარლეტ ო'ჰარასა და სამხრეთელი არისტოკრატის, რეტ ბატლერის სიყვარულის ისტორიას.

კომენტარები