გიორგი შაქარაშვილის საქმე

შსს: გიორგი შაქარაშვილის საქმეს ძალადობის მუხლი დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაწყებულ გამოძიებას ძალადობის მუხლი დაამატა.

უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 2020 წლის 19 ივნისს შევიდა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება სწორედ ამ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო.

შსს-ს ცნობით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.

"ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამუშაოების შედეგად მაშველებმა მდინარის კალაპოტში მისი ცხედარი აღმოაჩინეს.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან". – აცხადებს უწყება.

კომენტარები