შალვა ძებისაშვილი

ფილიპ ამონის წიგნის "საქართველო სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ოკუპაციას შორის" მიმოხილვა

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გერმანელმა მკვლევარმა და მწერალმა, ფილიპ ამონმა ახალი წიგნი გამოაქვეყნა – "საქართველო სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ოკუპაციას შორის".

ამონის ნაშრომს პოლიტიკური მეცნიერების დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი შალვა ძებისაშვილი გამოეხმაურა.

ფილიპ ამონის წიგნის "საქართველო სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ოკუპაციას შორის" მიმოხილვა

"ზოგადად მრავალი წიგნი მოიძებნება, რომელიც აკმაყოფილებს საწყის მოთხოვნას და მათი კითხვა მართლაც საინტერესოა. ამასთან ერთად, არსებობს ასევე წიგნები, რომლებიც მეტად დამაფიქრებელია, დასწყისშივე იპყრობენ მკითხველის ყურადღებას და ამ დინამიკას შინაარსის ბოლომდე არ კარგავენ. ფილიპ ამონის წიგნი "საქართველო სახელმწიფოებრიობასა და რუსულ ოკუპაციას შორის" სწორედ ამ ბოლო კატეგორიას მიეკუთვნება და მიუხედავად მისი ვიწრო სპეციფიური კონტექსტუალური ჩარჩოებისა, დიდი რაოდენობით უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვთავაზობს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კომპლექსური ხასიათის შესახებ გეორგიევსკის ტრაქტატის დადების მომენტიდან 1783 წელს. ნაშრომი ნამდვილად ისტორიული წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება და მისი ქრონოლოგიური სტრუქტურა ნათლად მიუთითებს ისტორიული მიდგომის არჩევანს, რომლის განხილვის ფოკუსში 18-ე და 19-ე საუკუნეებია მოქცეული. აღნიშნული ფოკუსის არჩევა შემმთხვევითი არ არის, რადგან სწორედ ეს საუკუნეები ქმნიან იმ გადამწყვეტ პერიოდს, რომლის დროსაც პირველად გაჩნდა, ფეხი მოიკიდა და საბოლოოდ უკვე გამოკვეთილი ფორმები მიიღო ძლიერმა დაძაბულობამ ორ სახელმწიფოს (ერს) შორის. ავტორი ამ ფენომენს საინტერესო ფორმულირებას უძებნის - "Zuneigung und Entfremdung", ანუ მიზიდულობა/სიმპათია და გაუცხოება/დაშორება. სწორედ ეს ერთგვარი სიყვარულ-სიძულვილის მსგავსი ურთიერთობის (ორივე მხარისთვის დამახასიათებელი) კომპლექსური ბუნების გაგების აუცლებლობა წარმოადგენს წიგნის მთავარ და განმსაზღვრელ თემასაც და ამოცანასაც. ერთ მხარეს ნაჩვენებია რუსული უკმაყოფილების არაერთი მაგალითი, სადაც უმადური ქართველები არ და ვერ აფასებენ იმ მსხვერპლს, რაც რუსეთმა გაიღო საქართველოს დასაცავად (თუმცა კავკასიის დაპყრობის დიდი გეგმის ფარგლებში), ხოლო, მეორეს მხრივ, ქართველთა მწარე გაწბილება რუსული "ღალატით", რომელმაც გააქრო ქართველთა სახელმწიფოებრიობა და დაემუქრა ეროვნული იდენტობის ძირითად ელემენტებს (გვ.11-13). აღნიშნული მიდგომა კიდევ უფრო გამყარებულია უამრავი ფაქტობრივი მასალით, რომელიც ხაზს უსვამს არსებულ და მეტად ღრმა ემოციურ კავშირებს ორ ერს შორის, დაწყებული საქართველოს ადრექტრისტიანული გავლენით რუსეთზე და დამთავრებული დღევანდელი რეალობით, როცა საქართველოსთან დაკავშირებული ყველა სადაზვერვო ინფორმაცია თავს იყრის არა რუსეთის საგარეო დაზვერვის, არამედ შიდა უსაფრთხოების სამსახურში - ФСБ (გვ.13, 5-40). შესაძლოა ზემოაღნიშნული ასპექტი ზოგიერთს ცალკეულ უმნიშვნელო გარემოებად მოეჩვენოს. სინამდვილეში, მას გაცილებით დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს, რამეთუ სწორედ მისი არგათვალისწინება მნიშვნელოვნად უკარგავს მკითხველს პრობლემის აღწერის და მისი სიღრმისეული გაგების შესაძლებლობას. საერთო ჯამში, სწორედ ასეთი მინიშნებები ეხმარება მკითხველს წიგნის დანიშნულების ჩაწვდომაში, მათ შორის მათაც, ვინც ისედაც კარგად ერკვევა რუსეთ-სქართველოს ურთიერთობების პერიპეტიებში. გასაგებია, რომ პოლიტიკური მეცნიერების ან საერთაშორისო ურთიერთობების მცოდნეთათვის ნაშრომის განხილვა მათთვის ნაცნობი თეორიულ-ანალიტიკური გადმოსახედიდან დიდი შეცდომა იქნებოდა. აქ ვერ ნახავთ გეოპოლიტიკურ განხილვებს, დიდი და პატარა სახელმწიფოების ურთიერთობების მოდელს, ან თუნდაც პარტიული (ძალაუფლების) პოლიტიკის და მმართველობის სისტემის პოლიტიკური ბუნების მიმოხილვას. მუხედავად ამისა, ინფორმაციის სიუხვის, თემატიკის ფართო სპექტრისა (მათ შორის წმინდა პოლიტიკური) და ისტორიული პერიოდის ინტენსიური დაფარვის მეშვეობით, ავტორი ახერხებს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი პოლიტოლოგებისთვის გახადოს შესაძლებელი, რომ უპრობლემოდ მოერიოს ინფორმაციის დიდ მოცულობას და მისი დისციპლინის გადმოსახედიდან გამოიტანოს საჭირო დასკვნები. მაგალითისთვის, ანალიზის ფარგლებში აღებული იდეური და სოციო-კულტურულ ფოკუსი, რომელიც ეროვნული იდენტობის და საკუთრივ სახელმწიფოს ცნების სხვადასხვა კონცეპციებს განიხილავს, მნიშვნელოვნად აადვილებს სოციალური და პოლიტიკური ელიტების ზოგადი როლის დადგენას, მათ მონაწილეობას პოლიტიკური განწყობების შექმნაში და პოლიტიკური გადაწყვეტილების ფორმირებაში როგორც ლოკალურ (საქართველოს) ასევე ცენტრალურ, იმპერიულ (რუსეთი) დონეზე. ამ კუთხით, მეტად თვალსაჩინოა ქვეთავი "Zur Begrifflickheit" (ტერმინოლოგიაზე), სადაც საფუძვლიანად არის განმარტებული მთელი რიგი ადგილობრივი ქართული სოციო-კულტურული ტერმინებისა, მოვლენებისა და კონსტრუქციებისა, რომმლებიც კარგად არის მოთავსებული შესაბამის დროისა და რეგიონული შედარების კონტექსტში. ამის კარგი მაგალითია ქართული თავად-აზნაურობის ფენომენი, რომელიც, ერთის მხრივ, დიდ მსგავსებას ავლენს ევროპულ ფეოდალურ სისტემასთან, თუმცა, ამავე დროს თავისი წარმოშობით მჭიდროდ არის დაკავშირებული ძველ სპარსეთთან (გვ.20). უდავოა, რომ ადგილობრივ თავისებურებებში გარკვევა, იქნება ეს სოციო-კულტურული თვითგამორკვევის სხვადასხვა ასპექტი თუ პოლიტიკურ სისტემაში გადანაწილებული როლები, მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის რუსულ-ქართული ურთიერთობების ლოგიკის გაგებასა და მის დინამიკაში გარკვევისთვის განსაკუთრებით გადამწყვეტი 19-ე საუკუნის განმავლობაში. რეალურად, ნაშრომის problématique ფართოდ არის განხილული და გაანალიზებული იმ თავებში, რომელთა განხილვის პერიოდი იწყება პირველი ცარისტული უკაზიდან ქართლ-კახეთის ფაქტობრივი ანექსიისა და ინკორპორაციის შესახებ 1801 წელს და მთავრდება მე-19-ე საუკუნის ბოლოს, როცა თავი იჩინა ეროვნული გამოღვიძების პროცესმა და სულ უფრო მძაფრად გაჟღერდა კულტურული და ეკლესიური ავტონომიის მოპოვების მოთხოვნები. ავტორი მშვენივრად ახერხებს ერთგვარი ტრაგიკული სიმძაფრით ქართული და რუსული მხარეების ინტერესთა დისბალანსისა და საგრძნობი აცდენის ჩვენებას "გაერთიანების შეთანხმების" დადების პროცესში. ერთ მხარეს იდგნენ ქართველი მეფეები, რომელთა მთელი იმედი ეყრდნობოდა გეორგიევსკის ტრაქტატის ქრისტიანული სოლირადობის გრძნობას და პარტნიორული ურთიერთობის სულისკვეთებას, ხოლო, მორე მხარეს იდგა საკმაოდ სეკულარიზირებული რუსეთის იმპერია, სულ უფრო მზარდი გეოსტრატეგიული გათვლებით კავკასიის რეგიონში (გვ.42-57). აღნიშნული გარემოება რეალურად ყველაზე სასარგებლო მიგნებაა წიგნში, რომლის გამოყენებაც სხვა დისციპლინის წარმომადგენლებისთვის და, განსაკუთრებით, პოლიტიკის მეცნიერების მკვლევრებისთვის ურიგო არ იქნებოდა. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დასაწყისშივე არსებულმა უთანასწორობამ საფუძველშივე განსაზღვრა რუსული მოქმედების ლოგიკა საქართველოში, რომელიც შემდეგ მიზნებს ისახავდა: პირველი – ახლად შეძენილი ტერიტორიებს დაცვას და შესაბამისად, ქართველების ფიზიკურ გადარჩენასა და უსაფრთხოებას და მეორე – საქართველოსთან მიმართებაში დასახული კოლონიური პოლიტიკის კონსოლიდაციას, რომელიც უნდა დასრულებულიყო ადმინისტრაციულ შერწყმაში, ენობრივ დათრგუნვა-რუსიფიკაციაში, და სრულ სოციო-კულტურულ (მათ შორის, ეკლესიურ) ინკორპორაციაში (გვ. 76-90). წიგნიდან ასევე კარგად იკვეთება მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მიგნება – ქართული თავადაზნაურობის გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოში რუსეთის ფეხის მოკიდებაში ადმინისტრაციული თვალსაზრისით, და მეორე მხრივ, ეროვნული იდენტობის, ავტონომიისა და, საბოლოოდ, დამოუკიდებლობის იდეების განვითარებაში. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვან ცვლადს წარმოადგენს, რომელიც კარგად ხსნის ქართველთა მენტალური დუალობის – რუსეთის მიმართ სიყვარული-სიძულვილის გრძნობის სიცოცხლისუნარიანობას. განწყობების უწყვეტობა კარგად ჩანს და გრძელდება საბჭოთა პერიოდის დასასრულამდე. საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგაც კი წამყვანი რუსი პოლიტიკოსების (მათ შორის დემკრატიულად განწყობილების) შეხედულებები დიდად არ განსხვავდება წინამორბედი განათლებული დეკაბრისტების იმპერიული შეხედულებებისგან (1825წ.). საინტერესოა, რომ ქართულმა თავადაზნაურობამაც, რომელიც სრულად იყო ინკორპორირებული რუსულ პოლიტიკურ-კულტურულ სიმბიოზში და მეტად ახლო და ხშირად არაფორმალურ ურთიერთობებს ინარჩუნებდა რუსულ ელიტასთან, შეძლო, ყველაფრის მიუხედავად, აღნიშნული თვისების გადაბარება ქართული საბჭოთა ინტელეგენციისთვის, რომელმაც შენარჩუნა რუსოფილობის ძირითადი დამახასიათებელი თვისება (გვ.95,120). წიგნში მკაფიოდ არის წარმოჩენილი ქართული ელიტის შინაგანი და ლოგიკური უუნარობა, რომ ესარგებლა რუსეთის რეფორმისტული პოლიტიკის პერიოდის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობებით და მოეპოვებინა სახალხო მხარდაჭერა ეროვნული მოძრაობის ჩამოსაყალიბებლად მსგავსად იმ პროცესებისა, რაც ევროპაში მე-19 საუკუნის ბოლოს ხდებოდა. თავადაზნაურობის უკიდურესმა ელიტისტურმა მიდგომამ, რომლის მუდმივი მახასიათებელი იყო რუსული მმართველობის მიმართ ლოიალური განწყობა, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ხალხის მასებში (გლეხობასა და მუშებში) სხვა, უცხო სოციალისტური იდეების და, საბოლოო ჯამში, ბოლშევიკური იდეოლოგიის მასობრივ გავრცელებას (გვ.86-92). სწორედ ეს გარემოება ხსნის კარგად საქართველოში კონსერვატიული ნაციონალიზმის (ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის) მარცხს, რომელიც გარდაუვალი გახდა მისი უპირობო ლიდერის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის და ამით წარმოქმნილი პოლიტიკური სიცარიელის შედეგად. თავის მხრივ შექმნილი ვითარებით კარგად ისარგებლა სოციალისტურმა მოძრაობამ მენშევიკების სახით (გვ.146-149). საბოლოოდ, არა ნაციონალიზმმა და ნაციონალისტურმა ბიძგმა მოახდინა დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის დაარსება, არამედ რამდენიმე გლობალური ფაქტორის ერთობლიობამ, რამაც, პირდაპირი გაგებით აიძულა ქართველი სოციალ-დემოკრატები, რომ წასულიყვნენ ქართული სახელმწიფოებრიობის გამოცხადებაზე. წიგნიდან დასკვნის სახით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ერთგვარი დიხოტომიის და დუალურობის ეფექტის არსებობა, რაც ცარისტულმა რუსეთმა საქართველოს სოციო-პოლიტიკურ სპექტრში შექმნა. ამ ეფექტმა გადამწყვეტად მოახდინა ქართული საზოგადოების იდეებისა და ხედვების ფორმირება, რომლებიც შემდგომში წარმატებით იქნა გადატანილი საბჭოთა რეალობაში და დღესაც განაგრძობს არსებობას. პირველ რიგში, თუ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის პრიზმას გამოვიყენებთ, კიდევ ერთხელ იქნება ხაზგასასმელი სტრატეგიულ დონეზე ორ ქვეყანას შორის არსებული ინტერესების და მიზნების და, შესაბამისად, სტრატეგიული გათვლების რადიკალური დისბალანსი და სხვაობა, რამაც როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები მოიტანა. მუსლიმური მეზობლების მუდმივი შემოტევების აღკვეთა და ფიზიკური უსაფრთხოების გარანტია ნიველირებულ იქნა სახელმწიფოებრიობის მოშლით, სუვერენიტეტის გაუქმებით და სრული ადმინისტრაციული, სოციო-კულტურული ინკორპორაციით. ამასთან ერთად, ქართულ და რუსულ ელიტებს შორის არსებულმა პოლიტიკურ-კულტურულმა სიმბიოზმა ქართულ თავადაზნაურობაში წინააღმდეგობრივი შეხედულების გაბატონება გამოიწვია, რომლის მიხედვით რუსეთი ქართული ეროვნული იდენტობისთის სულ უფრო განიხილებოდა მჩაგვრელის და მტრის იპოსტასში, თუმცა კვლავ სარგებლობდა რუსული იმპერიული ერთიანობის მიმართ ერთგულებით და მადლიერების გრძნობით ერის ფიზიკური გადარჩენის გამო. დიდი ალბათობით, სწორედ ქართული ელიტის დუალობის დამსახურებაა ძლიერი ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბების უუნარობა, რომელსაც მკაფიოდ ექნებოდა მიზნად დასახული სახელმწიფოს, არა როგორც მითიური აბსტრაქციის, არამედ ინსტიტუციური კონსტრუქციის შექმნა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ სწორედ იმ პოლიტიკურმა მოძრაობებმა შეძლეს წარმატების მიღწევა, რომლებმაც (ნაციონალიზმისაგან განსხვავებით) სხვა იდეოლოგიური გადმოსახედიდან შეძლეს ხალხის მასობრივი მხარდაჭერის მოპოვება. ორივე პარტიამ, მენშევიკურმა და ბოლშევიკურმა, შეძლეს პოპულარობის მოპოვება მხოლოდ როგორც გაცილებით დიდი პროექტის (სოციალისტური და კომუნისტური იდეოლოგიის) შემადგენელი ნაწილისა. პრინციპში, აღნიშნული გარემოება დუალობის მესამე განზომილებას ქმნის, რომლის იდენტიფიცირებაც ხდება ამონის ნაშრომში. რუსული სოციალ-დემოკრატებისა და ბოლშევიკური პარტიების ქართულ ფრთას ნაკლებად ჰქონდა სრულიად დამოუკიდებელი საქართველოს გამოცხადებისა და მართვის როგორც სურვილი, ასევე გამოცდილება. თუმცა, ამავე დროს მათ შეძლეს წარმოუდგენლად დიდი გავლენის მოპოვება საკუთრივ რუსეთში და ამ გავლენის ეფექტური გამოყენება. მხოლოდ თურქეთის ულტიმატუმისა და სამხედრო ოკუპაციის საფრთხის შედეგად გადაწყვიტა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს. ქართველი ბოლშევიკები კიდევ უფრო რადიკალურ პოზიციაზე იდგნენ და არასოდეს განიხილავდნენ საქართველოს დამოუკიდებელ ერთეულად საბჭოთა კავშირის (რუსეთის) ტერიტორიული და იდეოლოგიური ჩარჩოების მიღმა. ამ დუალობის შედეგია, ერთის მხრივ, ქართულ საზოგადოებაში არსებული ბუნდოვანი წარმოდგენა სახელმწიფოს იდეისა და კონცეფციის შესახებ, ხოლო, მეორეს მხრივ, ქართული პოლიტიკური ელიტის უუნარობა და გამოუცდელობა სახელმწიფოს მართვის კონტექსტში. შესაბამისად, ქართული ელიტა მეტად წარმატებული აღმოჩნდა პოსტცარისტული რუსეთის პერიდშიც, როგორც დიდი (იმპერიული) იდეისა და იდეოლოგიური პროექტის შემადგენელი ნაწილი. ამ გადმოსახედიდან აღებული, ბოლშევიკური რეჟიმის დამყარება საქართველოში რეალობაში რუსული იმპერიული ტრადიციისა და სოციო-პოლიტიკური სიმბიოზის გაგრძელებას წარმოადგენდა, რომელსაც ერთი განმასხვავებელი ნიშანი ერთო თან – ახალი ქართული ელიტის კიდევ უფრო მჭიდრო ჩართულობა საბჭოთა კავშირის (რუსეთის) პოლიტიკურ სტრუქტურაში, ადმინისტრაციაში და კულტურულ სივრცეში. პოლიტიკის მეცნიერებაში "ისტორიული გზაგასაყრის" ცნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტული პოლიტიკური პროცესების დინამიკისა და ლოგიკის დასადგენად. ფილიპ ამონის წიგნი ამ თვალსაზრისით მეტად სასარგებლო ნაშრომს წარმოადგენს და განსახილვველად შემოაქვს სიახლე "დუალიზმის უწყვეტობის" ფენომენის სახით. რუსეთ-საქართველოს საუკუნობრივი ურთიერთობების მაგალითზე აღნიშნული დუალიზმი უდავოდ პოლიტიკური და სოციალური განზომილების განმსაზღვრელ ელემენტად გვევლინება".

კომენტარები