კრიმინალი

Liberty-ის 3 მლნ-ზე მეტით დაზარალების გამო, ბანკის ექსპერტი და ლომბარდის დირექტორი დააკავეს

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით დიდი ოდენობით ქონების დაუფლების ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კერძო ლომბარდის ხელმძღვანელი ერთერთი კომერციული ბანკის ექსპერტ-შემფასებელს გაურიგდა – ისინი ბანკის სერვის ცენტრში სხვადასხვა ფიზიკური პირის სახელით სალომბარდე სესხის ყალბ ხელშეკრულებებს ამზადებდნენ, მის უზრუნველსაყოფად კი, გირაოში ჩასადები ძვირფასეულობის ნაცვლად, ე. წ. ბიჟუტერიას აგირავებდნენ. ამასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ლიბერთი ბანკმაც, რომელშიც ნათქვამია, რომ დანაშაული შიდა აუდიტის სამსახურმა აღმოაჩინა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა 2018-2020 წლებში, 82 ფიქტიური სალომბარდე სასესხო ხელშეკრულება გააფორმეს.

"მათ ბანკს მიაყენეს 3 476 788 ლარის მატერიალური ზიანი. გამოძიების პროცესში დაყადაღდა ბრალდებულების სახელზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება". – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 220-ე მუხლით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები