ბელარუსი

ბელარუსში ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაზე ასზე მეტი პირი, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავეს

19 ივნისს ბელარუსში ასობით მომიტინგემ პრეზიდენტ ალექსანდერ ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციაზე პოლიციამ მომიტინგეები და ჟურნალისტები დააკავა. 

ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან ქვეყნის სათავეშია, აგვისტოში მე-6 საპრეზიდენტო ვადით მოსვლა სურს. 

საპროტესტო აქციას წინ უძღოდა საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი ოპონენტის, ვიქტორ ბაბარიკოს დაკავება.

გუშინ, 19 ივნისს ბოლო დღე იყო, როდესაც ოპოზიციონერ კანდიდატებს არჩევნებში მონაწილეობისთვის საჭირო 100 000 ხელმოწერის შეგროვების უფლება ჰქონდათ. 

იმისთვის, რომ საპროტესტო აქციაზე ხელმოწერების შეგროვებისთვის ხელი შეეშალათ, დაახლოებით, საღამოს 7 საათზე, პოლიცია ჩაერთო და რამდენიმე პირი დააკავა.

აქციაზე რადიო თავისუფლების ჟურნალისტიც დააკავეს მაშინ, როდესაც ის პირდაპირ ეთერში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა.  

უფლებადამცველთა ჯგუფის ვიასნას ინფორმაციით, სულ, დაახლოებით, 140 პირი დააკავეს. ზოგიერთი მათგანი უკვე გაათავისუფლეს. 

მინსკში ადგილობრივები ამბობდნენ, რომ აქციის პარალელურად, რამდენიმე საათით ინტერნეტის მუშაობაც შეფერხდა. 

ამას გარდა, ქალაქ მოგილიოვში პოლიცია მომიტინგეებს ძალას გამოყენებით დაემუქრა, გომელში კი აქტივისტებს უთხრეს, რომ შეკრება არალეგალური იყო. 

დღეს, 20 ივნისს, ლუკაშენკომ დააანონსა, რომ პენსიებს გაზრდის, ოღონდ, თუ როგორ - ეს არ უთქვამს. 

"ეს არ არის პოპულიზმი რაღაც არჩევნების გულისთვის. მე ამას არასდროს ვიზამ," - დასძინა მან.

კომენტარები