გიორგი გაბუნიას საქმე

ბოკერია გაბუნიას საქმეზე: ხელისუფლება რუსეთისთვის კომფორტულ, ბინძურ კამპანიას ეწევა

გიგა ბოკერია
ტაბულა

გიგა ბოკერია გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე ხელისუფლების რეაქციას საგანგაშოს უწოდებს.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ბრიფინგზე თქვა, რომ პრეზიდენტმა, პრემიერმა, მმართველი გუნდის სხვა წევრებმა რუსეთი და პუტინის რეჟიმი არ ახსენეს და თითი ქვეყნის შიგნით ოპონენტებისკენ გაიშვირეს, რაც რუსული პროპაგანდისთვის კომფორტული პოზიციაა.

"როცა ზედაპირზე დევს კადიროვის მუქარა, როგორ შეიძლება არსებობდეს საფუძველი, შიგნით ოპონენტების წინააღმდეგ ამ ბინძური ბრალდების საფუძველი. რითი შეიძლება ნორმალური ხელისუფლების მხრიდან ასეთი სამარცხვინო ნაბიჯი აიხსნას". – თქვა მან.

ბოკერიას შეფასებით, ხელისუფლების მსგავსი მიდგომები რისკებს მთელი ქვეყნისთვის, ყველა მოქალაქისთვის ქმნის.

"როცა ხელისუფლება ასეთ აშკარა შემთხვევაში კადიროვის პირდაპირ მუქარას ჩვენი ქვეყნის მოქალაქის მკვლელობის შესახებ, არც ადრე და არც ახლა, არ აძლევს საჭირო რეაქციას. თუკი, ასეთ დროს, როცა დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, საერთაშორისო ასპარეზზე არ ტეხ განგაშს. თუკი იქცევი ისე, როგორც ისინი მოიქცნენ გიგა ოთხოზორიას საქმეზე, როცა ეს ცინიკური მკვლელობა არ იქნა აყვანილი საერთაშორისო დონეზე და არ იქცა პრობლემად რუსეთის ფედერაციისთვის, ეს არა მხოლოდ გაბუნიასთვის, რომლის დაცვაც ყველა ხელისუფლების ვალდებულება იქნება, არამედ ყველა მოქალაქისთვის, ზრდის რისკებს, რომ პუტინი კვლავ მოიქცევა ასე, რომ ტერაქტი ჩაიდინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ პოლიტიკურ ფასსაც კი არ ახდევინებ.

და ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ არა თუ რუსეთის საკითხის წინ წამოწევას, რისი ლეგიტიმური ეჭვის საფუძელიც უკვე არსებობს, გამოძიების დასრულებამდეც, არამედ იმას, რომ რუსეთისთვის ყველაზე კომფორტულ, ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას ეწევიან. ეს ყველაფერი შემოაქვთ ქვეყნის შიგნით საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ. საკუთარი ქვეყნის ინტერესების ამაზე მეტი პროპაგანდისტული მტრობა რა შეიძლება იყოს". – თქვა მან.

15 ივნისს ცნობილი გახდა, რომ 12 ივნისს, სუს-ის მიერ ქავთარაძის ქუჩაძე სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული კაცი, რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი საქართველოში გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა. ინფორმაციას თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, მოგვიანებით მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დაადასტურა, რამდენიმე საათში კი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა და მიუთითა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. გაბუნია ასევე დაგმო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".
 
კადიროვმა გაბუნიას მიმართ მუქარა 16 ივნისსაც გაიმეორა და თქვა, რომ "გიორგი გაბუნიას, როგორც აქამდე ვამბობდი, უჯობს მუხლებზე დადგეს და პატიება ითხოვოს, ბოდიში მოიხადოს მომხდარზე. მან შეურაცხყო არა ერთი ადამიანი, არამედ ყველა რუსი".

ყველა ამ გარემოების მიუხედავად, არც პრემიერმინისტრმა გახარიამ, არც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, არც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გაბუნიას საქმის შეფასებისას რუსეთი არ ახსენეს და აქცენტი "საქმის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე" გააკეთეს.

კომენტარები