გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობა

კაკულია: ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე

პარლამენტი

ქართული ოცნების წევრი, რომან კაკულია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მიერ ქართველი ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის შესაძლო შეკვეთას ეხმაურება. მისი თქმით, "ისტერია გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ".

"ეს საკითხი ბოლომდე არ ვიცი. ისტერია, მგონი გაბუნიასაც არ დაუკლია არავის მიმართ, ამიტომ, ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე. ყველა ინფორმაცია თუ არ გაქვს, დასკვნის გაკეთება საკმაოდ რთულია". – ამბობს რომან კაკულია რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ როგორ გადმოკვეთა ეთნიკურად ჩეჩენმა რუსეთის მოქალაქემ საზღვარი, კაკულია პასუხობს, რომ "დღევანდელი მსოფლიო, სამწუხაროდ, არის მოწყვლადი ასეთი ტიპის ადამიანების მიმართ და საქართველო არაა გამონაკლისი. სამწუხარო ფაქტია, რა თქმა უნდა".

2019 წლის ივლისში მაშინდელი რუსთავი 2-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

კომენტარები