Zoom-მა აღიარა, რომ აქტივისტების ანგარიშები ჩინეთის მთავრობის მოთხოვნის გამო დახურა

Shutterstock

Zoom-მა აღიარა, რომ აქტივისტების ანგარიშები ჩინეთის მთავრობის მოთხოვნის გამო დახურა. განცხადებაში ასევე მინიშნებულია, რომ დაიბლოკება სხვა ვიდეოზარებიც, რომლებსაც ჩინეთის მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს.

კომპანიაში თქვეს, რომ მათ ჩინეთის მთავრობიდან მაისსა და ივნისში დაუკავშირდნენ. თემა Zoom-ში თიანანმენის ტრაგედიის წლისთავზე დაგეგმილი 4 შეხვედრა იყო, რომელთა შესახებ ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა.

"ჩინეთის მთავრობამ გვაცნობა, რომ მსგავსი ქმედება ჩინეთში კანონს არღვევს და მოითხოვა, გაგვეუქმებინა ანგარიშები და ჩაგვეშალა შეხვედრები. ჩვენ მათთვის მომხმარებლების ან შეხვედრების შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიწოდებია. ჩვენ არ გვაქვს უკანა კარი, საიდანაც სხვებისგან ფარულად შეიძლება შეხვედრაზე შესვლა."

თუმცა შეხვედრა, რომლის წევრებსაც კომპანიამ ანგარიშები დროებით დაუხურა, ჩინეთში არ შემდგარა. 1989 წლის 4 ივნისის მოვლენების გასახსენებლად ვიდეოკონფერენციები აშშ-სა და ჰონკონგში მოაწყვეს. მათში ჩართეს ჩინეთში მყოფი პირებიც.

Zoom-ში თქვეს, რომ, რადგან არ შეეძლოთ კონკრეტული ქვეყნიდან მონაწილეების ჩართვის შეზღუდვა, 3 ვიდეოკონფერენცია და მასში მონაწილე ანგარიშები მთლიანად გააუქმეს. მეოთხე ვიდეოკონფერენციაში, Zoom-ის მონაცემების მიხედვით, ჩინეთიდან არავინ ყოფილა ჩართული და ამიტომ ის არ გაუწყვეტიათ.

ჩინეთში სოციალური ქსელების უმეტესობა აკრძალულია და მკაცრი ცენზურა მოქმედებს. ასევე იკრძალება თიანანმენის წლისთავის ნებისმიერი ფორმით აღნიშვნა. Zoom ჩინეთში დაბლოკილი არ არის.

კომპანიაში თქვეს, რომ ჩინეთის მთავრობის მოთხოვნა კონტინენტური ჩინეთის გარეთ მყოფ მომხმარებლებზე გავლენას ვეღარ მოახდენს, თუმცა მუშაობენ გზებზე, რომ ქვეყნის შიგნით მომხმარებლების დაბლოკვა შეძლონ.

"ეს საშუალებას მოგვცემს, დავემორჩილოთ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას, როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ მათ საზღვრებში ჩვენს პლატფორმაზე მიმდინარე აქტივობა კანონს არღვევს...

...ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მთავრობები, რომლებიც აშენებენ ბარიერებს, რათა დააშორონ საკუთარი ხალხი მსოფლიოს და ერთმანეთს, მიხვდებიან, რომ საკუთარი ინტერესების, საკუთარი მოქალაქეების უფლებების და კაცობრიობის და საწინააღმდეგოდ იქცევიან", - ნათქვამია განცხადებაში.

1989 წელს პეკინში თიანანმენის მოედანზე სტუდენტებმა პროდემოკრატიული მოძრაობა დაიწყეს, რაც მთელი ქვეყნის ასობით მნიშვნელოვან ქალაქში გავრცელდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მთავრობამ მშვიდობიანი მოქალაქეები ძალის გამოყენებით დაშალა, რასაც ოფიციალური მონაცემებით ასეულობით, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, რამდენიმე ათასი ჩინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას დარბევაზე პასუხისმგებლობა არ აუღია.

Zoom-ი პოპულარული გახდა კორონავირუსის პანდემიის პირობებში. კომპანიის სათავო ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს. მისი დამფუძნებელია ერიკ იუანი. აპლიკაციაში არსებული ხარვეზების გამო აპრილში მან ბოდიში მოიხადა.

აპლიკაციის მიმართ მომხმარებლების საჩივარი უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა. კრიტიკის საგანი გახდა ის, რომ აპლიკაცია მომხმარებლის მონაცემებს Facebook-ს უგზავნის. გარდა ამისა, მცდარი აღმოჩნდა განცხადება იმის თაობაზე, რომ აპლიკაცია ორმხრივ დაშიფრვას (end-to-end encryption) ახორციელებს. ასევე გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც Apple-ის Macbook-ის მფლობელების კამერებსა და მიკროფონებზე წვდომა აპლიკაციის მეშვეობით მოიპოვეს.

გარდა ამისა, გაჩნდა ახალი ფენომენი, რომელსაც zoombombing-ი უწოდეს. დაუპატიჟებელი პირები, რომლებიც ვიდეოკონფერენციის ლინკებს სოციალური მედიის პლატფორმებზე ან ვებგვერდებზე პოულობენ, ერთვებიან და კონფერენციის ჩაშლას ყვირილით, რასისტული გამონათქვამებითა და პორნოგრაფიის გაზიარებით ცდილობენ.

კომენტარები