ნავთობის ბაზარი

OPEC-მა და რუსეთმა ნავთობის მოპოვების რეკორდული შემცირების შეთანხმება 1 თვით გააგრძელეს

OPEC-ის სახელით ცნობილმა ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების კარტელმა და რუსეთმა ნავთობის მოპოვების რეკორდული შემცირების შეთანხმება კიდევ 1 თვით გააგრძელეს. ამის შესახებ ინფორმაციას არაბეთის გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრი, სუხეილ მაზრუი ავრცელებს. 

მხარეები ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებაზე, ფასების სტაბილიზაციის მიზნით, 12 აპრილს შეთანხმდნენ. შეთანხმების მიხედვით, მხარეებმა ნავთობის მოპოვების დღეში ჯამურად 9.7 მილიონი ბარელით შეამცირეს. 

შეთანხმების მიხედვით, ამ შეზღუდვის მოქმედების ვადად 30 ივნისი განისაზღვრა, თუმცა ახალი გარიგებით ვადა 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა. 

საბოლოო შეთანხმებას წინ რამდენიმე რაუნდი უძღოდა. მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმების გაგრძელება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის კორონავირუსის პანდემიას, რის ფონზეც მოთხოვნდა საგრძნობლად შემცირდა. 

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნის მიხედვით, მხოლოდ მაისში ნავთობზე საერთაშორისო მოთხოვნა დღიურად 8.6 მილიონი ბარელით შემცირდა. ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყო აპრილში, მაშინ მაჩვენებელმა დღიურად 29 მილიონ ბარელს გადააჭარბა.

ნავთობის ფასებმა ბოლო სამი თვის განმავლობაში რამდენიმე ისტორიული ანტირეკორდი განაახლა. კორონავირუსთან ერთად, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზი 6 მარტს ვენაში გამართული OPEC-ის სხდომა იყო, სადაც რუსეთმა უარი თქვა საუდის არაბეთის წინადადებაზე ნავთობის მოპოვება 1.5 მილიონი ბარელით შეემცირებინათ. 

საბოლოოდ, რუსეთს გაცილებით უფრო მძიმე პირობებზე მოუწია დათანხმება. 12 აპრილს რუსეთი დღიურად მოპოვების 2.5 მილიონი ბარელით შემცირებას დათანხმდა. წინა დღეეებში ცნობილი გახდა, რომ ნავთობის ფასის ვარდნის გამო, უმსხვილესმა რუსულმა კომპანიებმა $8.2 მილიარდი იზარალეს.

აპრილში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ნავთობის ფასების ეტაპობრივი აღდგენის პროცესი დაიწყო. ბოლო დღეებში, პირველად ბოლო სამი თვის განმავლობაში საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 40 დოლარს გადააჭარბა

39 დოლარამდე გაიზარდა რუსული წარმოების URALS-ის ფასი, ხოლო ამერიკული WTI-ის ფასმა 38 დოლარს გადააჭარბა.

კომენტარები