საკონსტიტუციო სასამართლო

საია როინიშვილის დანიშვნაზე: უარყოფითად ვაფასებთ, საფრთხეა სასამართლოების სანდოობისთვის

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილის დანიშვნის პროცედურას უარყოფითად აფასებს და სასამართლოს სანდოობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს. 

"2020 წლის 29 მაისს, უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ვასილ როინიშვილი დანიშნა (მომხრე - 18, წინააღმდეგი - 2, თავად კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილოება არ მიუღია). სხდომაზე 21 დამსწრე წევრიდან კანდიდატს სულ ოთხმა დაუსვა კითხვა, ერთმა წევრმა კი მხოლოდ თავისი მხარდამჭერი მოსაზრებები დააფიქსირა. საბოლოო ჯამში, არ გამართულა ჯეროვანი დისკუსია. 

სამწუხაროა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ არ გამოიყენა შესაძლებლობა, დღევანდელ სხდომაზე არ აერჩიათ მოსამართლე, არამედ მხოლოდ კანდიდატი დასახელებულიყო. ამით საზოგადოებას მიეცემოდა შესაძლებლობა, გამოეხატა საკუთარი დამოკიდებულება ბატონი ვასილ როინიშვილის მიმართ და მიეწოდებინა ის პლენუმის წევრებისთვის, რაც საბოლოოდ მათ უკეთ ინფორმირებულ გადაწყვეტილებას უზრუნველყოფდა", - წერია საიას განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ როინიშვილი ე.წ სასამართლო კლანთან დაახლოებული პირია. კითხვაზე, რამდენად გამჭვირვალეა მისთვის არჩევის პროცესი, როინიშვილი პასუხობს, რომ ხელისუფლების ყველა შტოს თავისი დაკომპლექტების წესი გააჩნია.  

2019 წლის დეკემბერში ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი გახდა და მისი კანდიდატურა პარლამენტს წარედგინა, თუმცა დეპუტატებმა მას მხარი არ დაუჭირეს. 

ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საკვალიფიკაციო და სადისციპლინო პალატების წევრია. ის 2009 წლის 18 დეკემბრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, მანამდე კი, როგორც გენერალურ, ასევე სხვადასხვა რეგიონის პროკურატურაში მუშაობდა. 2004 წელს როინიშვილი უშიშროების სამინისტროს თანამშრომელი იყო.

სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ როინიშვილი ე.წ მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლო კლანთანაა დაკავშირებული.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის, თქმით, კლანი ცდილობს, წარმომადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოშიც ჰყავდეს.  

"დღეს კანდიდატის დასახელება და დანიშვნა გამორიცხავს საკითხზე დისკუსიას. ეს იქნება მორიგი დემონსტრირება იმის, რომ რეალურად კლანი ცდილობს, არამარტო საერთო სასამართლოებში, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოშიც იყოს წარმოდგენილი", - ამბობს სალაძე. 

კომენტარები