საზოგადოებრივი ტრანსპორტი

ჩიქოვანი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის

ინტერპრესნიუსი

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებაზე ჯერ-ჯერობით საუბარი არ არის," - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ისაუბრა. 

ჩიქოვანი ამბობს, რომ ხვალიდან, 22 მაისიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება.

"ტრანსპორტი არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი თემა. როგორც იცით, თავიდანვე პრემიერმინისტრმა და მთავრობამ გახსნების ეტაპებში არცერთ ცალკეულ ეტაპს არ დაუკავშირა ეს კონკრეტული მოქმედება, ვინაიდან ეს ღონისძიება დაკავშირებული იქნება ქვეყანაში ეპიდმდგომარეობასთან და ეპიდემიოლოგებთან ერთად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას," - თქვა ჩიქოვანმა.

ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ შეზღუდვად, რადგან მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში მოსახლეობას ცხოვრება ამ რეალობაში მოუწევს. 

"ეს არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც შეზღუდვა, ეს არის ხელშეწყობა იმისა, რომ ქვეყანაში არ გვქონდეს ხელახალი ეპიდაფეთქება და რაც შეიძლება დაბალი იყოს დაავადებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ამის მენეჯმენტიც იყოს ადეკვატური," - ამბობს ჩიქოვანი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული. უკვე ცნობილია, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება და ე.წ კომენდანტის საათიც მოიხსნება, თუმცა სხვა შეზღუდვების მოხსნაზე მთავრობაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. 

მთავრობის ადმინისტრაციაში ტაბულას ჯერჯერობით ვერ უთხრეს, რა დარჩება ძალაში და რა აღდგება 23 მაისიდან. კანცელარიის პრესსამსახურის თქმით, ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებენ.

ქართულ ოცნებას პარლამენტში ახალი კანონპროექტი აქვს ინიცირებული, რომლის მიხედვითაც, მთავრობას რიგი შეზღუდვების დაწესება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

კომენტარები