კორონავირუსი საქართველოში

ბესელია ახალ კანონპროექტზე: ხელისუფლება შეზღუდვების პერიოდში გაცილებით უკეთ გრძნობს თავს

facebook.com/ekaterine.beselia

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ეკა ბესელია ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს.

ბესელიას შეფასებით, ეს კანონპროექტი თვითნებობის და ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის რისკს იძლევა. მისი თქმით, მთავრობის წევრები საგანგებო მდგომარეობის პირობებში თავს კომფორტულად გრძნობენ. 

"იგრძნეს, რომ ამ მდგომარეობაში, როცა იყო შეზღუდვები, გაცილებით უკეთ გრძნობდნენ თავს. საგანგებო მდგომარეობა პოლიტიკურ სივრცეს კლავს და პოლიტიკურ ველს ძალიან ავიწროებს. ჩანდა მხოლოდ მმართველი პარტია, მთავრობის წევრები, ექიმები. ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ თუკი ეს შესაძლებლობა მათ მუდმივად ექნებათ, როცა დაჭირდებათ, რატომაც არა და შემოიტანეს ესეთი გაუგონარი კანონპროექტი", - ამბობს ბესელია. 

მისი თქმით, მსგავსი ინიციატივა 2008 წელს, საომარი მდგომარეობის პირობებშიც კი არ ყოფილა.

"2008 წლის აგვისტოს ომი როცა იყო და საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, მე მაშინაც არ მახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ იცით თქვენ ჩემი პოზიცია, ძალიან ვაკრიტიკებდი მაშინდელ მიღებულ კანონებს. აზრად არავის მოსვლია მაშინ, რომ ასეთი კანონპროექტი შემოეტანა. არსებობს რაღაც დაუწერელი წესები, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს პატივი სცე, ეს არის პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო", - თქვა ბესელიამ მთავარი არხის ეთერში.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს და რომლის მიხედვითაც, მთავრობა შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეძლებს.

IPN-ის ცნობით, დოკუმენტი საკარანტინო ღონისძიებების ახლებურად განსაზღვრებას ითვალისწინებს და მოიცავს ისეთ ღონისძიებებსაც, რომლებიც გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული.

კანონპროექტის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ოპოზიცია კანონპროექტის ინიციატივასაც კი შემაშფოთებელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის მთავრობის ხელში იარაღი იქნება.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გრძელდება.

კომენტარები