კორონავირუსი საქართველოში

წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შესაძლოა $1,4 მილიარდით შემცირდეს - TBC CAPITAL

TBC კაპიტალის ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, შესაძლოა, 65%-ით შემცირდეს. წინა წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 3,3 მილიარდი დოლარი მიიღო, ამგვარად ნომინალურად ფინანსური დანაკარგი დაახლოებით 1,4 მილიარდი დოლარი იქნება. 

კვლევის მიხედვით, 2019 წლის შემოსავლების დონესთან დასაბრუნებლად სექტორს კიდევ 18 თვე დასჭირდება. ორგანიზაციის კვლევა სამ სცენარს ეყრდნობა - საბაზისო, ეკონომიკური საქმიანობის სწრაფი და გვიანი აღდგენის სცენარები. მოსალოდნელი ზარალი, სცენარების მიხედვით, განსხვავებულია. 

სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 55%-ით შემცირდება. მოვლენათა განვითარების ეს მიმართულება უახლოეს პერიოდში სწრაფი და ეფექტური მკურნალობისა და დიაგნოსტირების საშუალებების დანერგვას გულისხმობს. ეს ხელს შეუწყობს უკვე ივლისიდან ეკონომიკური საქმიანობისა და ბიზნესის ოპტიმიზმის უფრო სწრაფ აღგდენას. 

საბაზისო სცენარის მიხედვით, ტურისტული შემოდინებები 65%-ით შემცირდება. ამ სცენარის მიხედვით, საერთაშორისო მოგზაურობის აღდგენის პროცესი უკვე ივლისიდან დაიწყება, ევროკავშირის ქვეყნებში დაწესებული შეზღუდვები მაისიდან, ხოლო რეგიონის ქვეყნებში მაის-ივნისის პერიოდიდან მოიხსნება.

ყველაზე პესიმისტური სცენარი ეკონომიკური საქმიანობის გვიან აღდგენას ითვალისიწინებს და ამ სცენარში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 80%-ით მცირდება. 

ტურიზმის გარდა ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაში საუბარია საერთაშორისო ფულად გზავნილებზეც, საბაზისო სცენარის მიხედვით წელს გზავნილების მოცულობა 40%-ით შემცირდება. 

ტურისტული სექტორი ფულად გზავნილებთან ერთად ეროვნული შემოსავლის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წყაროა. მაგალითისთვის 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო გზავნილების სახით ქვეყანაში 1,7 მილიარდი დოლარი შემოვიდა. 

ჯამურად ორივე სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში დაახლოებით, 19%-ს შეადგენს.

კომენტარები