სასწავლო წელი

მე-12 კლასელები სწავლას დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები - 27 მაისს, დანარჩენები - 15 ივნისს

სამხრეთის კარიბჭე

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება. მისივე თქმით, მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს.

პრემიერმა ამის შესახებ დღეს, 15 მაისს, განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

გახარიას თქმით, განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური ონლაინ გაკვეთილების დანერგვა.

"ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში", - ამბობს გახარია.

მისივე თქმით, ეროვნული გამოცდებიც ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში.

პრემიერმინისტრის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად, რომელიც წარმატებით უნდა დასრულდეს.

"ჯერჯერობით, ზუსტად არავინ იცის პოსტ-პანდემიური მსოფლიო როგორი იქნება, მაგრამ ცხადია, რომ გლობალური კონკურენცია იქნება უფრო მძაფრი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ბავშვები, სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იყვნენ მზად, შესაბამისი ადგილი დაიკავონ  გლობალურ კონკურენციაში", - ამბობს პრემიერი.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარტის დასაწყისიდან შეწყვეტილია სასწავლო პროცესი და ონლაინ რეჟიმზეა გადასული. 

 

კომენტარები