8 მარტის შეთანხმება

ჟორჟოლიანი: კუბილიუსს ფინანსებს არავინ ჰკითხავს, არაკომპეტენტური განცხადებაა მისი მხრიდან

გია ჟორჟოლიანი
ტაბულა

"ეს შანტაჟის მაგვარი წერილი საერთოდ არ არის ყურადღების ღირსიც კი. არავინ არ ჰკითხავს ფინანსებს ბატონ კუბილიუსს", - ამბობს ფრაქცია პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების წევრი გია ჟორჟოლიანი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელშიც ევროპარლამენტარი საქართველოსთვის გამოსაყოფ დახმარებაზე, 500 მილიონ ევროზე, საუბრობს.

ენდრიუს კუბილიუსის თქმით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან. ეს განცხადება კუბილიუსმა Twitter-ზე 13 მაისს გაავრცელა.

ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა ძალიან ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული და კუბილიუსის წერილი "მისი მხრიდან არაკომპეტენტური განცხადებაა".

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ქართული ოცნების მხრიდან 8 მარტს, ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების დარღვევას მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ შეთანხმების პირველი ნაწილი უარყო, რაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებას გულისხმობდა. 

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები