პოლიტიკური დევნა

მდინარაძე პოლიტ. დევნაზე: ვერ ვისაუბრებთ პირობის შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს

ტაბულა

"ჩვენ ვერც კი ვისაუბრებთ რაიმე პირობის თუ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს", - უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმაურება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმები ორივე ნაწილი - როგორც საარჩევნო სისტემაზე, ისე პოლიტიკურ დევნაზე. 

მდინარაძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმება არ შეეხებოდა რომელიმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს და შავით თეთრზე წერია ის, რაზეც სინამდვილეში შეთანხმება მოხდა.

მდინარაძის ამ კომენტარს წინ უსწრებს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჯეიმს რიშის განცხადება, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით."

ასევე, დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადება, სადაც საელჩოები წერენ, რომ "8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს".

მამუკა მდინარაძე ამ საკითხზე გამოხმაურებების შესახებაც წერს, კონკრეტულ განცხადებებს არ ახსენებს, თუმცა, მათ სუბიექტურს და მიკერძოებულს უწოდებს და ასევე აღნიშნავს, რომ განცხადებების შინაარსი შესაძლოა, გამოწვეული იყოს ინფორმაციის ნაკლებობით ან არასწორი ინფორმაციით და ამატებს, რომ ხელისუფლება მზად არის იმუშაოს ამის აღმოსაფხვრელად.

"რაც შეეხება შეთანხმების ცალკეულ განსხვავებულ ინტერპრეტაციებს და გამოხმაურებებს, ფაქტია, და ეს შეთანხმების ტექსტითაც დასტურდება, რომ ქართულ ოცნებას არც ერთ მომენტში არ უთქვამს თანხმობა არც რომელიმე ბრალდებული თუ დამნაშავე პირის პოლიტპატიმრად აღიარებაზე, არც მართლმსაჯულებაში ან პრეზიდენტის საქმიანობაში ჩარევაზე პატიმრების გათავისუფლების მიზნით.

ნებისმიერ განცხადებას, რომელიც ამ ფაქტს ეწინააღმდეგება, აქვს თავისი კონკრეტული მიზეზები, რაც შეიძლება იყოს სუბიექტური დამოკიდებულება, პოლიტიკური მიკერძოებულობა, ინფორმაციის არქონა თუ სხვა", - ამბობს მდინარაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება შეთანხმების მთლიანად ასრულებს, თუმცა ოპოზიცია აპირებს შეთანხმების ორივე ნაწილის დარღვევას, რადგან ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებეს მხარს არ დაუჭერენ. 

სინამდვილეში, ოპოზიცია ამბობს, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი არის ერთ პაკეტში და ერთი პირობის შესრულების გარეშე მეორეს მხარს არ დაუჭერენ. ოპოზიციის თქმითვე, ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის პირველ მოსმენამდე უნდა გაათავისუფლოს, რითაც შეასრულებს შეთანხმების მეორე ნაწილს.

მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრების სერია 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა, რომელიც ორ პუნქტს მოიცავდა - ერთი, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობდა, ხოლო მეორე - საარჩევნო სისტემის ცვლილებას 120/30-ზე პრინციპით. 

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს, ევროკავშირის საელჩოს, პარლამენტის დეპუტატის, თამარ ჩუგოშვილისა და საპარლამენტო პარტიის, პატრიოტთა ალიანსის განცხადებები. 

რას ამბობს თალაკვაძე 8 მარტის შეთანხმებაზე და რა განცხადებებს აკეთებდნენ პარტნიორები

კომენტარები