თამარ გაბუნიას თქმით, ახალ კორონავირუსზე ტესტირების რაოდენობა იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება - მიზანი დღეში 3 000 ადამიანის ანალიზია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ტესტირების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება, რაც ამტკიცებს, რომ ვირუსის საზოგადოებაში გავრცელებას ადგილი არ აქვს.
გაბუნიას თქმით, ტესტების მარაგი ქვეყანაში არის და მათი შევსება წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება.
"თვეში 50 ათასი PCR ტესტი უნდა ჩატარდეს - გვაქვს 2 თვის მარაგი. წლის ბოლომდე ეტაპობრივად მოხდება მარაგების შევსება უკვე გაკეთებული შეთანხმებების და შეკვეთების საფუძველზე. წლის ბოლომდე ველოდებით CFAD-ის მხრიდან, ეს არის სწრაფი და შედარებით გამარტივებულ მეთოდოლოგიაზე დამყარებული ტესტი", - თქვა მან პირველი არხის ეთერში.
მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სწრაფ ტესტებზეც, რომელიც იმ ადამიანებს ჩაუტარდებათ, რომლებთანაც პასუხის დროულად მიღება არის საჭირო.
"სწრაფი მოიცავს როგორც ანტისხეულების, ისე ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტს. ცოტა ხნის წინ სწორედ ანტიგენზე დამყარებული 50 000 ტესტი ჩამოვიდა საქართველოში, ახლა განისაზღვრება ამ ტესტების გამოყენებისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც მეტად იქნება ორიენტირებული იმ ჯგუფებზე, სადაც გვჭირდება პასუხის მოკლე პერიოდში მიღება. ეს არ იქნება ჰოსპიტალური პაციენტები, რაც სტანდარტულ ტესტირებას დაექვემდებარება.
ანტისხეულზე ტესტის მგრძნობელობა არის მაქსიმუმ 85%, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ზოგჯერ მან ცრუ დადებითი აჩვენა. სიფრთხილე სჯობს, ამიტომ გაგრძელდება ანტისხეულების ტესტების გამოყენება", - ამბობს გაბუნია.
გაბუნიამ ასევე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაზე, რომლის მიხედვითაც, ის ჯგუფებია განსაზღვრული, რომლებიც PCR მეთოდით ტესტირებას ექვემდებარებიან.
"ახალი ბრძანების მიხედვით, სამედიცინო პერსონალი, თავშესაფარში მცხოვრები ბენეფიციარები, ასევე, მათი მომვლელები, პირები, რომლებიც კარანტინში არიან და უნდა დატოვონ საკარანტინე სივრცე, ასევე, ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანები ექვემდებარებიან სავალდებულო ტესტირებას PCR მეთოდით. ეს მეთოდი ცხელების მქონე, ასევე პნევმონიის მქონე პაციენტებისთვის ისედაც სავალდებულო იყო. ახლა სავალდებულო ტესტირების სია საკმაოდ სოლიდურია, რაც მოგვცემს საშუალებას, სტაბილურად ჩავატაროთ ტესტირება მაღალი რისკის ჯგუფებში და დაინფიცირებული ადამიანის გამოვლენა ძალიან მალე და დროულად მოხდება", - განაცხადა მან.
9 მაისის 21:00 საათის მდგომარეობით, ახალი კორონავირუსი სულ 626 ადამიანს დაუდასტურდა. 9 მაისს - მხოლოდ 3-ს. გამოჯანმრთელებულია 297 ადამიანი, 10 - გარდაიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 მაისის ჩათვლით PCR ტესტი ჩაუტარდა ჯამში 27 846 ადამიანს, მათგან 8 მაისს - 1985 პირს.





