ერთიანი ეროვნული გამოცდები

რატიანი მთავრობას: დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება ეროვნული გამოცდების ფორმატსა და ვადებზე

ტაბულა

ევროპული საქართველო მიმართავს მთავრობას და მოითხოვს, რომ დროულად მიიღონ გადაწყვეტილება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების ფორმატისა და ვადების შესახებ.

პარტიის წევრის, წევრის სერგო რატიანის თქმით, ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით არსებული გაურკვევლობა ხელოვნურად ძაბავს და ართულებს აბიტურიენტების მდგომარეობას. რატიანი აღნიშნავს, რომ მეთორმეტეკლასელები 20 მაისს უკვე ამთავრებენ სასწავლო პროცესს, თუმცა კვლავ გაურკვეველია ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება.

ევროპული საქართველო მთავრობას საკუთარ რეკომენდაციებს კიდევ ერთხელ სთავაზობს. პარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნის გამოცდის შემცირება. რადგან როგორც პარტიაში ამბობენ, ერთიან ეროვნული გამოცდების ჩვეული ფორმით ჩატარებამ - ოთხ გამოცდაზე მისვლამ და საგამოცდო ცენტრებში დიდი რაოდენობით აბიტურიენტის შეკრებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ახალგაზრდებისა და პროცესში ჩართული სხვა ადამიანების ჯანმრთელობას.

"მიზანშეწონილად მიგვაჩნია განვიხილოთ ერთი სავალდებულო კომბინირებული ტესტით მისაღები გამოცდების ჩატარების ვარიანტი - ერთ სასესიო დროში კომბინირებული პროგრამის შინაარსით ყველა სავალდებულო საგნის გაერთიანება, ვგულისხმობთ მიმართულებების მიხედვით მინიმუმ 3 საგნობრივი ჯგუფის პროგრამის შინაარსის გაერთიანებას, რაც შეეხება, მეოთხე გამოცდას - მოცემულობის მიხედვით, რადგან დარეგისტრირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრია, მათი საგამოცდო სივრცეში განთავსება, უსაფრთხოების კუთხით, მარტივად გადაწყდება", - ამბობს რატიანი.

ევროპული საქართველოს ასევე გამოდის ინიციატივით, რომ აბიტურიენტები ინდივიდუალურად განთავსდნენ საგამოცდო ოთახებში, ხოლო ვიდეოთვალით აღჭურვილი თითოეული სივრცის მონიტორინგი მიმდინარეობდეს ადგილზე შექმნილი მართვის მონიტორით.

"ვფიქრობთ, მთავრობის მხრიდან ასეთი ინერტულობა და ამ მომენტისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დეტალების ბუნდოვანება, ერთი მხრივ, დამატებით სტრესს უჩენს აბიტურიენტებს, მეორე მხრივ კი - ზრდის საგანმანათლებლო სისტემის ქმედუნარიანობასთან დაკავშირებულ რისკებს," - ამბობს რატიანი.

რატიანი ამბობს, რომ ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს 10 აპრილს მიმართა, სადაც მიაწოდა რეკომენდაციები და მოითხოვა ინფორმაცია სამინისტროს მიერ, ამ საკითხთან დაკავშირებით, დაგეგმილ ღონისძიებებზე, თუმცა რატიანი ამბობს, რომ პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. 

ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს სამინისტრო ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. ერთადერთი რაც ცნობილია არის ის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები აუცილებლად ჩატარდება, ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე დღის წინ თავად განაცხადა. 

კომენტარები