გვერდების გაუქმება

მდინარაძე ტროლებზე: მადლობას იმსახურებს FACEBOOK-ის ადმინისტრაცია ამ ძალისხმევისთვის

ტაბულა

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ის მიერ ქართული ანგარიშების ქსელის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში სოციალური ქსელების დეზინფორმაციისთვის გამოყენება 2018 წლიდან გაძლიერდა და ეს უკავშირდებოდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრ კონსულტანტს - შკლაროვს.

"სიძულვილის ენის გამოყენება და დეზინფორმაციის გავრცელება სოციალური ქსელის მეშვეობით, მან მისი დაგეგმილი კამპანიის საფირმო ნიშნად აქცია", - ამბობს მდინარაძე.

საკუთარ გამოსვლაში ქართული ოცნების დეპუტატს არაფერი უთქვამს იმაზე, რომ Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიშიც გააუქმა. როდესაც მას ეს კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს, მდინარაძემ თქვა, რომ ყანდიაშვილს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირი აღარ აქვს და პარტიისგან დავალებებს არ იღებს.

მდინარაძე ამბობს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა ერთადერთი პარტია, რომელთან ყალბი ანგარიშების კაშირზეც Facebook მიუთითებს და სოციალური ქსელის ადმინისტრაციას "ძალისხმევისთვის" მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის განცხადებით, ყანდიაშვილის ეSპერსონა-ს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან. მაშინ  Facebook-მა ასობით ანგარიში გააუქმა და განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ეს გვერდები სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

თავის დროზე, ქართული ოცნების წარმომადგენლები 2019 წელს გაუქმებულ ქსელთან კავშირსაც უარყოფდნენ, მიუხედავად იმისა, რომ Facebook პირდაპირ მიუთითებდა მათ კავშირზე ხელისუფლებასთან. 

5 მაისს სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან სულ ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. ამასთან, Facebook-მა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი გააუქმა, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

 

კომენტარები