აგრარული ბაზრები

გლდანის ბაზრის მოვაჭრეებმა გაფუჭებული პროდუქტი გადაყარეს

მთავარი არხი

გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეების ნაწილმა გაფუჭებული პროდუქტი ნაგვის ურნაში გადაყარა. კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ სცადეს, ბაზრის გარეთ გაეყიდათ პროდუქტი, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ამის საშუალება არ მისცა.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს იცავენ, თუმცა მერიის ინსპექცია არც ბაზრის გახსნის საშუალებას და არც ბაზრის გარეთ ვაჭრობის უფლებას არ აძლევს. 

"მოვიტანე 9-ათასლარიანი საქონელი. კიტრი, პომიდორი და ასეთი რაღაცები. მიფუჭდება. იძულებული გავხდი, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი გამოვიდა და გაყიდა აქ [ბაზრის გარეთ]. მოვიდა პატრული, ზედამხედველობა და გვითხრა, ჩქარაო, ვითომ რამეს ვაშავებდით, აიღეთ, ეს უნდა გადაგიყაროთ ურნაშიო, გადით აქედანო", - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.

იმ შემთხვევაში თუ ბაზარი ხვალ არ გაიხსნება მოვაჭრეები გზის გადაკეტვით იმუქრებიან.

ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, მოვაჭრეებს მუშაობის უფლებას არ აძლევენ, რადგან ვერ იცავენ რეკომენდაციებს, რომლის დაცვაც, მისი თქმით, "შეუძლებელია". ის ამბობს, რომ არ აქვთ საშუალება, შეიძინონ თერმოსკრინინგის აპარატი.

"ისეთი რეგულაციები აქვს სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ ამის შესრულება ფაქტობრივად ცოცხალი ადამიანისთვის შეუძლებელია. რეკომენდაციების შესრულებას ვერ ვახერხებთ და ამიტომ არ ხსნიან. ფიზიკურად ამას ვერავინ შეასრულებს. საგანგებო მდგომარეობა რომ დამთავრდება მხოლოდ ამის შემდეგ თუ შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას. თერმოსკრინინგის აპარატები ფიზიკურადაც არ არის და საკმაოდ ძვირია. რამდენიმე სჭირდება ყველა გასასვლელთან", - თქვა ბაზრის დირექტორმა. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და 27 აპრილიდან, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ბაზრების მუშაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ სტანდარტის გათვალისწინებით, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა.

კომენტარები