"ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე სააკაშვილის დანიშვნა - დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე", - უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნაზე საუბრობს.
მისივე თქმით, ეს აღიქმება როგორც არამეგობრული ნაბიჯი.
კობახიძე ამბობს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, მმართველმა გუნდმა მკაფიო პოზიცია გამოხატა და ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან.
"კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით, არის დადებითი, კერძოდ, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის, სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას, ასევე, იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერად ის უკვე აღარ განიხილება", - ამბობს კობახიძე.
22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო. სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე პრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.
გუშინ, 28 აპრილს, უკრაინულ მედიაში გავრცელდება ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.





