შემოსავლების სამსახური

ევ. საქართველო ფინანსთა მინისტრს სარფის საბაჟოზე არსებულ ვითარებაზე განმარტებას სთხოვს

ბათუმელები

ევროპული საქართველო ფინანსთა მინისტრს სარფის საბაჟოზე არსებულ ვითარებაზე განმარტებას სთხოვს.

გიორგი კანდელაკმა განცხადება პარტიის სახელით გააკეთა.

საქმე "ბათუმელების" მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ეხება, საიდანაც ირკვევა, რომ ბათუმში გადამზიდავი კომპანიების მფლობელების სატვირთო მანქანებს სარფის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში [გეზ] ახალი წლიდან 10-15 დღეს აჩერებენ .

"ბათუმელებთან" გადამზიდავები აცხადებენ, რომ მათ ტვირთებს შემოსავლების სამსახური ხელოვნურად აფერხებს. კომპანიების მფლობელების თქმით, მათთვის ბიზნესის წართმევა ახალი წლის შემდეგ დაიწყეს, რასაც წინ უსწრებდა თბილისში შეკრება, სადაც მათ შეხვდა რუსეთის მოქალაქე ფელიქს ხუდაევი და გააფრთხილა, რომ „ვინც მასთან არ ითანამშრომლებს, ყველა გაჩერდება“. ბიზნესმენების თქმით, რუსეთის მოქალაქეს არაერთი მაღალი თანამდებობის პირი უმაგრებს ზურგს.

"როგორც ჩანს, პანდემიის დროს, როცა საზოგადოების ყურადღება არის მიპყრობილი კორონავირუსზე, ვიღაცები სარგებლობენ ამ სიტუაციით და სურთ, დააბრუნონ 90-იანი წლები და რეკეტი.

ვისაც მინიმალური შეხება აქვს გადაზიდვებთან, ყველამ კარგად იცის, რომ ასეთი რაღაცები არ ხდება ფინანსთა მინისტრის უშუალო ინფორმირების და მონაწილეობის, მის მიერ გაცემული ინსტრუქციების გარეშე.

ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ფინანსთა მინისტრს, გააკეთოს განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით - რატომ ხდება ტვირთების ასეთი დიდი დროით დაყოვნება საბაჟოზე და რატომ არ ხდება არაფერი მოკვლევასა და გამოძიებასთან, რომელიც ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაიწყო, იმიტომ რომ გადამზიდავებმა საჩივარი შეიტანეს შემოსავლების სამსახურში", - თქვა გიორგი კანდელაკმა.

ფინანსთა სამინისტრო ინფორმაციას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

კომენტარები